ტურიზმი
13/06/2021

ხავსით დაფარული რაჭული ჰობიტონი - ბუნებაში ჩადგმული კოტეჯები ტბასთან

კოტეჯები საკუთარი ტბის პირას, რომლებიც გაავლებენ საზღვარს რეალობასა და ზღაპრულ სამყაროს შორის - ასეთია ჩანაფიქრი და სახელწოდებაც შესაბამისად შეირჩა. „ზღვარი“ დასაწყისისთვის ორ კოტეჯს გააერთიანებს. ერთ-ერთი რაჭული ჰობიტონია - ხავსით დაფარული ქოხი, მეორე კი უფრო თანამედროვე დიზაინით, მინის კედლებით და ჭერით - დღისით რომ ტბას უცქირო, ღამით კი საწოლიდან ვარსკვლავებს ხედავდე.

„ეს ტბა, წლებია, ჩვენი ოჯახის საკუთრებაა და ამ ულამაზეს ადგილას რაღაც განსაკუთრებული მინდოდა გამეკეთებინა, ბუნებაში ჩადგმული კოტეჯები საქართველოში მრავლადაა, თუმცა ტბასთან ასეთი სიახლოვით - არცერთი. კონკურენტული უპირატესობა ლოკაციის გარდა, ვფიქრობ, დიზაინიცაა, სახლი, რომელიც ჰობიტების საცხოვრებელს გავს, საქართველოში კი არა, კავკასიაშიც არ უნდა იყოს, შესაბამისად, მარკეტინგული აქტივობების გარეშე, პირად გვერდზე რამდენიმე ფოტოს განთავსებით, უზარმაზარი გამოხმაურება მივიღე. ეს კი ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას მაძლევს,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „ზღვარის“ დამფუძნებელი, თეკლა დავითულიანი.

კოტეჯები ამბროლაურში, სოფელ კრიხისკენ მიმავალ გზაზე, ბერდიას ტბის პირას მდებარეობს. ინვესტიცია, ნაწილობრივ სესხით, ნაწილობრივ კი საკუთარი დანაზოგით განხორციელდა.

პროექტის ავტორი ვარაუდობს, რომ თვეში 20 დღიანი დატვირთულობითაც კი, 6 თვის თავზე, ამონაგები განხორციელებულ ინვესტიციას გაუტოლდება, ეს კი შესაძლებლობას შექმნის, განვითარება დაიგეგმოს:

„ამჯერად კოტეჯები წყვილზეა გათვლილი, თუმცა 4 ადამიანის მოთავსების შესაძლებლობაც გავთვალეთ. ფასი წყვილის შემთხვევაში ღამით 200 ლარი, 4 ადამიანზე კი 250 ლარი იქნება. ტბაში ლიფსიტები უკვე გავუშვით, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტი თევზის დამატებას ვფიქრობთ და აქაურობას სხვა რეკრეაციულ სერვისებსაც შევმატებთ. მომხმარებლები თევზის დაჭერას და უკან გაშვებას, ან დაჭერილი თევზის შეძენას და თან წაღებას შეძლებენ. 1 წლის თავზე თევზის რესტორნის გახსნაც გვაქვს გეგმაში. ჩემი დები რამდენიმე წელია „გარემოს“ კოტეჯს უძღვებიან, შესაბამისად, ბაზარი ნაკვლევი და შესწავლილი გვაქვს. „ზღვარი“ წესით, ოთხივე სეზონზე მოთხოვნადი იქნება, მიღებული შემოსავლები კი რეინვესტირების შესაძლებლობას მომცემს,“ - აცხადებს თეკლა დავითულიანი.

გაფართოების ვრცელ გეგმებამდე წინ ახალი წლის პერიოდია. პატარა საშობაო სოფლის მოწყობას პროექტის ავტორი დიზაინერ და დეკორატორ ვანო ჭელიძის დახმარებით აპირებს.

"ეს ორი კოტეჯიც რეკორდულ დროში ამ არაჩვეულებრივი ადამიანის წყალობით მოვაწყვეთ. იმედი მაქვს, რომ საახალწლოდაც გამონახავს დროს და ჯადოსნური გარემოს შექმნაშიც მოგვხმარება. ოფიციალური გახსნა პირველ ივლისს გვექნება, ორი ივლისიდან კი „ზღვარი“ მომხმარებლებს დიდი სიხარულით ვუმასპინძლებთ,“ - ამბობს თეკლა დავითულიანი.

 

No description available.