გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი იხსნება
მთიან აჭარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული დანიშნულების ადგილი შეემატა - ბათუმის ბოტანიკური ბაღი გოდერძის ალპურ ბაღს ხვალ ოფიციალურად გახსნის.
ბაღს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს. შესვლა უფასოა. დათვალიერებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს კი იქაურობა თოვლითაა დაფარული.
ალპური ბოტანიკური ბაღი ხულოში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე კურორტ გოდერძისთან ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. ის 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის, წყაროსა და საპიკნიკე/საკემპინგე ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ ჯარას ველური თაფლის უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.
ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტული მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.
ბაღის მოწყობაზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობს. ალპინარიუმი 200 მ2 ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. ამჟამად, ტერიტორიაზე ველური ფლორის 50 ოჯახის, 111 გვარის 161 სახეობაა აღრიცხული.
ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. ამჟამად, ალპური ბაღის ტერიტორიაზე ექვსი სახეობის მერქნოვანი და ასამდე სახეობის ბალახოვანი მცენარე არსებობს, რომელთა ძირითადი ნაწილი აბორიგენული სახეობაა.
გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციის თავმოყრა და კონსერვაცია, სუბალპური ზონის ტყის ზოლის აღდგენა, ეკო-განათლების პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის განვითარება.
პროექტის მხარდამჭერები არიან: „აჭარისწყალი ჯორჯია“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ბაღის განვითარების ტექნიკური მხარდამჭერები არიან მიუნხენისა და ლოტარეს ბოტანიკური ბაღები. ასევე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საბაზრო სისტემის განვითარებაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს. ალპური ბაღის იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა იდეის დამუშავება და 2015 წლიდან მისი განხორციელება სწორედ კავკასიის ალიანსების პროგრამის დახმარებით ხდება.