გიორგი გახარია: ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ საქართველო
ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, - განაცხადა პრემიერმა ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ.
გიორგი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა ნახონ ყველაფერი საქართველოში, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი.
„ჩვენი ასურეთში ყოფნა არის სიმბოლური. ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს. ჩვენ ყველანაირი პირობის გარეშე გავხსენით მოგზაურობა გერმანიასთან, ეს არის პირველი გერმანული დასახლების ისტორიული ადგილი საქართველოში. პირველი გერმანული დასახლება საქართველოში, როგორც ჩანს, ისტორიულად, იყო 1817 წლიდან, უკვე 200 წელზე მეტი გავიდა და სწორედ 200 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა ამ ქუჩის რეაბილიტაციის იდეა. აქ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენი ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენი გერმანელებიც უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ ამ ხალხს საკმაოდ მძიმე ისტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ ეს ხალხი საქართველოდან გადაასახლეს. თუმცა თანაცხოვრების შესანიშნავი ისტორია იყო, რომელსაც ახლა ყველანი ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.