საზოგადოება
28/07/2021

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"

სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიის გაფართოებას ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი მიესასალმება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიდგომა პანდემიასთან საბრძოლველად ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციასა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და დამსაქმებლების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.

დღეს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებიან, მუშაობენ ან სწავლობენ, უფასო ვაქცინაცია დასაშვებია. გიორგი ჯახუტაშვილი მორიგი ინიციატივით გამოდის და მიაჩნია, რომ საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აცრით მომსახურება, საერთაშორისო ბიზნესებსა და მათ შორის, ყაზახურ კომპანიებს თავიდან აარიდებთ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მოგზაურობის ხარჯებს, რაც, მათთვის, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდი ფინანსური შეღავათი იქნება.

„ვფიქრობ, სასურველია, ვიმსჯელოთ და დღის წესრიგში დავაყენოთ შემდეგი საკითხიც: ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის, ერთ-ერთი აუცილებელია იმუნიზაციის პროგრამის გავრცელება თავად ინვესტორებზეც, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, თუმცა განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოში არსებული აქტივების გათვალისწინებით, ხშირად უწევთ მიმოსვლა. მე, როგორც ყაზახეთის საპატიო კონსული საქართველოში, ხშირად მიწევს კომუნიკაცია ჩვენს ყაზახ ინვესტორებთან და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის პარტნიორ ქვეყანაში აცრის შესაძლებლობა, ამიტომ გამოვდივარ ინიციატივით და მივმართავ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატონ ის ფიზიკური პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც საქართველოში 100 000$-მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული,” - განმარტავს ყაზახეთის საპატიო კონული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების რიცხვი პროცენტულად იმდენად მცირეა, რომ სახელმწიფოსთვისაც არ იქნება დაუძლეველი მოცულობა, თუმცა, ჩვენთვის მთავარია ინვესტორებისთვის კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რაც ვაქცინაციის ფასიანი სერვისის შეთავაზებითაც მიღწევადია.