ტურიზმი
27/01/2021

Georgian Airways-ი რეგულარული ავიარეისების გასაახლებლად ემზადება

Georgian Airways-ი მზად არის თებერვლიდან რეგულარული ავიარეისები რეგულაციების სრული დაცვით განაახლოს. თუმცა, ავიაკომპანიაში მიიჩნევენ, რომ მგზავრთნაკადის ფორმირებისთვის, აუცილებელია შეზღუდვები შერბილებული იყოს იმ ქვეყნებშიც, სადაც ავიარეისი შესრულდება.

ქართული ავიაფლაგმანი რეგულარული ავიარესების განახლებას, პირველ ეტაპზე, ამსტერდამის, პარიზის, ბერლინისა და ვენის მიმართულებებზე გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, ეს ყველაზე პოპულარული რეისებია ქართველ მგზავრებს შორის, თუმცა ავიარეისების სიხშირე და სხვა მიმართულებების დამატება მგზავრთა მხრიდან მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.  

„მზად ვართ, მაგრამ მზად უნდა იყვნენ ის აეროპორტები, ქვეყნები, სადაც ჩვენ უნდა ვიფრინოთ. თუ ჩვენი მხრივ იქნება მოქნილი პირობები გაფრენასთან დაკავშირებით, იმ აეროპორტებშიც უნდა იყოს შეღვათიანი რეგულაციები. მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქე ჩაფრენისას ვალდებული იქნება 14-დღიანი კარანტინი გაიაროს, ამან შესაძლოა შეაფერხოს მგზავრთნაკადის რაოდენობა, ასევე თუ საქართველოში არ იმუშავებს რესტორნები და სასტუმროები, შესაძლოა მგზავრებს ჩამოსვლა არ მოუნდეთ. თუმცა კარგია, რომ პროცესი დაიწყო“, - განაცხადა რომან ბოკერიამ.  

ავიაკომპანიის დირექტორის განმარტებით, ავიამიმოსვლისას ვითარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ  კორონავირუსის გავრცელების გამო, არის შემთხვევები, რომ ესა თუ ის ქვეყანა ერთ დღეში ცვლის რეგულაციები, რის გამოც, მგზავრებთან კომპანია მუდმივი კონტაქტზეა. 

„მზად ვართ ისევ ვიყოთ ჩვენი ერის, მთავრობის, ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში, დავიწყოთ ფრენები და ვიყოთ ხიდი. Georgian Airways-ი ყოველთვის იყო ხიდი საქართველოსა და გარესამყაროს შორის და ეხმარებოდა ქვეყნის ეკონომიკას, პოლიტიკას, კულტურისა თუ ტურიზმის განვითარებას. დღეს ჩვენ ისევ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს სამსახური, რომელიც პანდემიის მიუხედავად არ შეგვიწყვეტია“,   - აცხადებს Georgian Airways -ის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვებს სრულად აუქმებს.

 

Businesspartner