"გარემო" გაფართოვდა - ტურისტული ობიექტი, რომელიც რაჭის პატარა ტოსკანად ქცევას გეგმავს
ჰოსტელი „გარემო“, რომელიც რაჭაში ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს იღებდა გაფართოვდა.
ჰოსტელმა არსებულ ორ კოტეჯს კიდევ ერთი, წყვილზე გათვლილი, განსხვავებული კონცეფციის, შედარებით მაღალბიუჯეტიანი ხის სახლი დაამატა.
განვითარებისთვის საჭირო ფულადი სახსრები დამფუძნებლებმა დამატებითი სესხის გარეშე, რეინვესტირების ხარჯზე შეძლეს.
"აქამდე ჩვენს სტუმრებს ჰოსტელის ტიპის მოზრდილ კოტეჯს და 4-5 ადამიანზე გათვლილ საოჯახო/სამეგობრო სივრცეს ვთავზობდით. ჩვენი მიზანი ვიზიტორების ყველანაირი საჭიროების დაკმაყოფილებაა, შესაბამისად, მესამე სახლი საშუალებას მოგვცემს, უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებებით წარვდგეთ ბაზარზე. კრიზისული წელი არ გვქონია, ადგილობრივი ტურისტების დიდ ინტერესს ისედაც ვიმსახურებდით, ამიტომ თამამად ვამბობთ, რომ მთელი წელი დატვირთული გვქონდა. თვის განმავლობაში 20 დღის ჯავშანი, როგორც წესი, სეზონის მიუხედავად, ყოველთვის არის, ამიტომაც გაზრდა და გაფართოვებაც გავბედეთ,“ - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ „გარემოს“ დაფუძნებელი, თამარ დავითულიანი.
ტყუპმა დებმა გათვლა ემოციურ მარკეტინგზე გააკეთეს და როგორც ამბობენ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ძირითადი შეთავაზებები შეგრძნებები და მოგონებებია, რომელსაც რაჭული „გარემო“ დაგიტოვებთ.
მთავარი მიზანი კი უფრო ძლიერი აგროტურისტული ობიექტის ჩამოყალიბება და „გარემოს“ პატარა ტოსკანად ქცევაა. დაგეგმილია გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარია.