ტურიზმი
24/06/2020

CNF დაცულ ტერიტორიებს ₾4.16 მლნ-ის გრანტს გამოუყოფს

კავკასიის ბუნების ფონდი დაცულ ტერიტორიებს პანდემიის პირობებში დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისთვის 4,16 მლნ ლარის გრანტს გამოუყოფს.

CNF-სა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეების განმარტებით  ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკოტურიზმიდან შემოსავლების შემცირებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირება. შესაბამისად გრანტის, ფარგლებში მოხდება ისეთი  მიმართულებების დაფინანსება, როგორიცაა საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი საოპერაციო ხარჯები, რეინჯერთა ხელფასები და მათი აღჭურვილობა.

„პანდემიის პირობებში, უცხოელი ვიზიტორების შემცირების ფონზე, კავკასიის ბუნების ფონდის მხრიდან მხარდაჭერა დროული და მნიშვნელოვანია. პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მსოფლიო ტურისტულ სფეროზე. რთული ვითარება შეიქმნა დაცულ ტერიტორიებზეც, შემცირდა უცხოელი ვიზიტორების ნაკადი, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა. მნიშვნელოვანია, რომ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. გერმანიის მთავრობის მხრიდან ჩვენ ვიღებთ გრანტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საოპარციო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

CNF -ის აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ჯიაკომინის თქმით, პანდემიის შედეგად, ქვეყანაში ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ, რათა მოხდეს დაცული ტერიტორიების დაცვის, ტურისტების ჩამოსვლის, ასევე ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ძირითად სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა.

Businesspartner