ეკონომიკა
21/04/2023

"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, აწყურის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი პატრიცია დანზი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში, ჰაიდი გრაუ,  მაღალი რანგის დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული  ერთიანი აქტივობები შეაჯამეს.

„პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის, ასევე, შვეიცარიის მთავრობის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩვენს ქვეყანას ეხმარება ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაში, რათა შევქმნათ ამინდის პროგნოზირების ისეთი თანამედროვე სისტემა, რომელიც დაგვიცავს მოსალოდნელი სტიქიური პროცესებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

„კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის პროექტი, რომელსაც ვაფინანსებთ,  ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან  ჩვენი  ქვეყნები არის მთიანი და, შესაბამისად, არსებობს კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე გარკვეული რისკები; სწორედ ამიტომ, ამ პროექტის განხორციელება და შედეგები ძალიან  მნიშვნელოვანია, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება“, - განაცხადა შვეიცარიის მთავრობის საკონსულტაციო საბჭოს პრეზიდენტმა, ფელიქს გუტცვილერმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, ანნა ჩერნიშოვას განცხადებით, კლიმატური ცვლილებები არის გლობალური პრობლემა და საქართველოც არ არის გამონაკლისი. 

„მოხარული ვართ, რომ პროექტი დაეხმარა აწყურის საჯარო სკოლას, რომელიც ძალიან ახლოს მდებარეობს მდინარესთან და რომლისთვისაც არსებობდა წყალმოვარდნის საფრთხე, ტერიტორიის დატბორვის საშიშროება. პროექტის ფარგლებში, სკოლამ ნაპირსამაგრი ნაგებობა მოაწყო, რითაც  არსებული რისკი მინიმუმამდე შემცირდება“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.

სტუმრებს ადგილობრივი სკოლის ახალგაზრდა კლიმატის ელჩმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ისაუბრა პროექტში მონაწილეობასა და იმ გამოცდილებაზე, რომელიც როგორც კლიმატის ელჩმა მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, მდინარე ზემო ხოდაშნის ხევზე არსებული ნაპირსამაგრი ნაგებობა დაათვალიერა, რომელიც, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენდა.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.