ენერგეტიკა
23/09/2021

ფალავანდიშვილი: ნამახვანმა დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტის კეთება დიდი რისკია  

"ნამახვანჰესის" მაგალითიდან ცხადია, რომ არამხოლოდ ენერგო სექტორში, არამედ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში მასშტაბური პროექტის განხორცელება დიდი რისკია, – "ჯეოქეისის" ანალიტიკოსი, ბაქარ ფალავანდიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას აფასებს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის შეწყვეტა თავისთავად ზიანის მომტანი იქნება ბიზნესისთვის და საინვესტიციო კლიმატისთვის.

"თუ ინვესტორი ქვეყანა დაიწყებს საარბიტრაჟო დავას სახელმწიფოს წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ საქართველოს შეიძლება დაეკისროს პირდაპირი დანახარჯების ანაზღაურება, რომელიც უნდა შედგებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციებისგან და ინვესტორის მიერ პროექტში უკვე განხორციელებული ფულადი დანახარჯებისგან, ასევე შეიძლება დადგეს საკითხი ინვესტორის მიერ მიუღებელი მოგების შესახებ. თუმცა, ეს ნაწილი დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოზე, ხელშეკრულების პირობებსა და იმ დარღვევებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს.

ამ ხარჯების გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი", - აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

მისივე განმარტებით, პირდაპირი დანაკარგების გარდა, პროექტიდან ინვესტორის წასვლა ბევრ სხვა პრობლემას გამოიწვევს და რთული იქნება ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც "ნამახვანჰესში" ინვესტიციას ჩადებს.

"ინვესტორები კარგად ხედავენ პრობლემებს და იმას, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის პროტესტის მიმართ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და შედეგად ინვესტორი ქვეყნიდან წავიდა. მოსალოდნელია, რომ მომავალში ახალმა ინვესტორმა სახელმწიფოსგან მოითხოვოს იმაზე მეტი გარანტიები და დაზღევა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში მოხდებოდა," –აცხადებს "ჯეოქეისის" ანალიტიკოსი.  

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს.