ტურიზმი
16/06/2020

ამბასადორი კაჭრეთი: შიდა ტურიზმზე სწორება-პოპულარიზაცია, საერთაშორისო ტურისტების დანაკლისს შეამცირებს 

პოსტპანდემიურ პერიოდში ტურიზმი ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად დასახელდა, შიდა ტურიზმის კუთხით, საზოგადოების მოლოდინები სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო გარკვეულწილად სკეპტიკური იყო. 1 კვირაა სასტუმროებს გახსნის საშუალება მიეცათ, როგორ ხვდება სფერო სეზონს და შეიცვალა თუ არა მათი პროგნოზები - ამის შესახებ „ამბასადორი კაჭრეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია სოსიაშვილი საუბრობს.

„ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა რეკომენდაციის დაცვით უკვე 8 ივნისიდან იღებს სტუმრებს და გვიხარია, რომ ჩვენი მომხმარებლების მხრიდანაც ინტერესი დიდია. პირველივე უქმეებზე სასტუმროს სრული დატვირთვით მუშაობა ნამდვილად ძალიან პოზიტიური მოლოდინების გაჩენის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ დაკავებული გვქონდა სასტუმროს 181-ვე ნომერი და გვყავდა სტუმრები, რომლებიც დარჩენის გარეშე, დღის პაკეტით სარგებლობდნენ. სასტუმრო კომპლექსს აქვს ძალიან დიდი, ღია სივრცე, გასართობი საშუალებები, სადაც ადამიანების დისტანცირების პრობლემა არ იქმნება“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.

მისივე თქმით, ფასების კუთხით კორექტირება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა.
„შიდა ტურიზმზე სწორება და ასეთი აქტიური პოპულარიზაცია ჩვენს სექტორში, რა თქმა უნდა, შეამცირებს საერთაშორისო ტურისტების დანაკლისს. ძალიან გვიხარია, რომ ქართველი მომხმარებლების მხრიდან ასეთ პერიოდში, როცა ჩვენი სასტუმრო 2 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გადაეცა მთავრობას საკარანტინე სივრცედ, საზოგადოების მხრიდან ასეთი მიდგომა გვაქვს. ივნისის თვეში გარკვეული პროგნოზი უკვე გვაქვს, ნომრების საკმაოდ დიდი ნაწილი გაყიდულია და ჯავშნების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის ჩართულობა იმ რეგულაციების განსაზღვრაში, რომელიც კოვიდ 19-ის პრევენციისთვის შემუშავდა. ჩვენ ერთად შევძელით უსაფრთხოების ზომების უმაღლესი სტანდარტების დაცვა“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.

„დაძაბული ფონი, რომელიც ამდენი თვის განმავლობაში ჰქონდათ ადამიანებს, რაღაცით უნდა შემსუბუქდეს. ამისთვის ყველაზე კარგი პერიოდიც არის და საშუალებაც, გვაქვს ძალიან მისაღები ფასები, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა. ივნისის თვეში გამოვაცხადეთ მასტიმულირებელი, სპეციალური აქციაც, იმისთვის, რომ ჩვენმა სტუმრებმა ნახონ, როგორ ვიცავთ რეკომენდაციებს და რამდენად უსაფრთხოა ჩვენთან სტუმრობა“,-ამბობს ნათია სოსიაშვილი.