ტურიზმი
23/05/2023

ახალი კანონი ტურიზმის შესახებ - ვის შეეხება მარეგულირებელი რეფორმა

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ტურიზმის სექტორს  ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, სექტორიდან მიღებულ შემოსავლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური მდგრადობისთვის. ამიტომ საინტერესოა თუ რას ითვალისწინებს ტურიზმის მარეგულირებელი პოლიტიკის რეფორმა, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს და როგორ დაარეგულირებს  სფეროს.  

როგორც USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი პოლიტიკის და სამართლის საკითხებში ირაკლი გელოვანი „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ საუბრისას აღნიშნავს, ტურიზმის სექტორის მაჩვენებლები მზარდია და ნელ-ნელა პანდემიამდელ ნიშნულს უსწრებს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტურიზმის კანონს და მარეგულირებელ ჩარჩოს,მასზე მუშაობა პარლამენტის სექტორული ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად მიმდინარეობდა. კანონპროექტს საბოლოო სახე მიეცა,მომავალ კვირაში კი პარლამენტში მისი ინიცირებაა დაგეგმილი. 

„როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდით, მოვიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტი, რომელმაც მოიძია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, მათ შორის ისეთი ქვეყნების, სადაც მარეგულირებლის ნაკლები ჩარევა ხდება. გვქონდა შესაძლებლობა გაგვეგო მკაცრი ან ნაკლებად მკაცრი ჩარევის შემთხვევაში ქვეყნებმა როგორ დაარეგულირეს ეს საკითხი. გარდა ამისა, გავაკეთეთ რეგულირების გავლენის შეფასება, რომ გვცოდნოდა თუ რა საკითხებზე შეიძლებოდა გვქონოდა წინასწარი შედეგები. ეს იყო სამი ნაწილი: გიდების რეგულირება, ტუროპერატორებთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ვალდებულება და განთავსების სექტორთან დაკავშირებით რეგულირება. როდესაც საუბარია მსგავს კანონმდებლობაზე, ასევე მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორის ჩართულობა.

უკვე  მოხდა დანახარჯების შეფასება, საბოლოო დოკუმენტი მალე გვექნება, თუმცა პირველადი მონაცემებით თუ შევაჯამებთ NPV-ს, ეს არის 2 მილიარდზე მეტი ლარი 10 წლის მანძილზე, რაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის,“-აღნიშნავს ირაკლი გელოვანი.

მისივე თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ევროდირექტივებთან დაახლოებაა, რაც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, სადაც ორი სპეციფიკური დირექტივაა, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც  საქართველოს აქვს.

„ეს არის ტურისტულ პაკეტთან დაკავშირებული დირექტივა, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერი პირი, ვინც პროდუქტს ქმნის და ყიდის მომხმარებელზე გარკვეული ვალდებულებები ეკისრება, რაც ავსახეთ კანონპროექტში. ხაზი უნდა გავუსვათ ასევე, ფინანსური უზრუველყოფის ქონის ვალდებულებას ტუროპერატორებისთვის, რადგან იყო გადახდისუნარიანობის პრობლემა და ტურისტი რჩებოდა ჰაერში, აქ იგულისხმება რომ გამყვან თუ შემომყვან ტუროპერატორს არ ჰქონდა თანხა სხვადსხავა სერვისის არ მიწოდების შემთხვევაში რომ დაებრუნებინა. აქ მთავარია, რომ ფინანსური უზრუნველყოფა შესაბამისობაში იყოს ბრუნვისთან და სერვისთან. გადაწყდა, რომ დაზღვევის კონტროლის ზედამხედველობა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს. ასევე შესაძლებლია ამის გაციფრულება, რომ ნაკლები რესურსი დაიხარჯოს და ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

სხვა ქვეყნის მაგალითებს თუ გადავხედავთ, მათ შორის ესტონეთის, უზრუნველყოფის პროცენტი, რაც ტუროპერატორს აქვს გაყინულ თანხად ან დაზღვევაშია გათვალისწინებული, უნდა შეადგენდეს მაგალითად წინა წლის გაყიდული ტურისტული პაკეტებიდან მიღებული თანხის გარკვეულ პროცენტს. მინიმუმ შეიძლება იყოს 32 ათასი ლარი და მინიმუმ 7% ჩარტერულების შემთხვევაში, ასევე არის კიდევ 3% რეგულირების შემთხვევაში, რა დროსაც მინიმალური თანხა 13 000-ია. ეს ციფრები ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით გამოვიყვანეთ,“- აცხადებს გელოვანი.

როგორც მან აღნიშნა, დირექტივა პირდაპირ არ უთითებს თუ რა ფორმით შეიძლება მოთხოვონ ქვეყნებმა ფინანსური უუზრუნველყოფა, თუმცა ყველზე ხშირი პრაქტიკა დაზღვევა და საბანკო გარანტიაა.

„რაც შეეხება დაზღვევას, ეს პროდუქტი ბაზარზე არ გვაქვს, თუმცა შევხვდით სადაზღვევოებს და დააფიქსირეს პოზიცია, რომ შესაძლებელია მსგავსი პროდუქტის შექმნა. მათი ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანია კანონქვემდებარე აქტში, რომ წესები თუ როდის შეიძლება გადახდისუუნარო ტუროპერატორი დადგინდეს მათთვის იყოს ცხადი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაადგენს გადახდისუნარიანობის ფაქტს და ეს დოკუმენტი უკვე საკმარისი იქნება სადაზღვევოებისთვის მაგალითად, რომ ჩათვალონ გასაცემი დაზღვევის მართებულობა. მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევოებს არ მოუწიოთ გადახდისუნარიანობის დადგენა, რადგან ეს უფრო გააძვირებდა დაზღვევას და უფრო გაართულებდა პროცესს.“- აღნიშნავს ირაკლი გელოვანი. 

მისი განმარტებით, როდესაც გადახდისუნარიანობას ახსენებენ, ტუროპერატორების შემთხვევაში არ იგულისხმება კლასიკური გადახდისუნარიანობა. ეს არის სხვა სახის, რომელსაც ადგენს ზედამხედველი, ანუ ამ შემთხვევაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ რეგულირების გამჭვირვალობა და სწორი აღქმა მნიშვნელოვანია.  რა თქმა უნდა გარდამავალი პერიოდი იქნება დაწესებული, სავარაუდოდ, საუბარია 2 წელზე, რომ დაინტერესებული მხარეები თუ ტუროპერატორები მოერგონ ამ დებულებებს. როდესაც ვეროკავშირში ეს დირექტივა მიიღეს, ქვეყნებს  ამისთვის დაახლოებით 2-3 წელი ჰქონდათ. 

„მაქსიმალურად კარგად უნდა მოხდეს ამის დაგეგმვა. უმნიშვნელოვანესია ასევე  კერძო სექტორთან სწორი კომუნიკაცია. როგორც ვახსენე, შეიქმნა თემატური ჯგუფები, სანამ კანონის საბოლოო სახე ჩამოყალიბდებოდა, 40-მდე შეხვედრა გაიმართა კერძო სექტორთან, სადაც ცალკე თემად განიხილეს ასევე ტუროპერატორების ნაწილი.

საკმაოდ კომპლექსური საკითხია, თუმცა ნელ-ნელა ხდება იმის გააზრება, რომ არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამიტომ კეთილსინდისიერი ტუროპერატორებისთვის, რომლებიც იცავენ წესებს, დიდი ცვლილებები არ იქნება.“- აღნიშნა USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა პოლიტიკის და სამართლის საკითხებში ირაკლი გელოვანმა.