ტურიზმი
28/07/2020

airBaltic-ი ფრენებს 5 აგვისტოდან აღადგენს

თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება.

მოლაპარაკებები ავიაკომპანია airBaltic-თან უკვე დასრულებულია. ნათია თურნავას თქმით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო 5 ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი.

„ამით როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან განახლდება რეგულარული ფრენები მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით, ფრენებს კი Lufthansa, Air France და airBaltic-ი შეასრულებენ.

Businesspartner