ტურიზმი
04/10/2020

6-თვიანი პაუზის შემდეგ WizzAir-მა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები განაახლა

6 თვიანი პაუზის შემდეგ WizzAir-მა ქუთაისის აეროპორტში რიგიდან პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.

ქუთაისის აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა. აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. 

ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. 

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, ქუთაისის აეროპორტი მზად არის COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.

რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან. 

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.