ტექნოლოგიები
22/12/2021

ტექნოლოგიებში ქალთა როლის გასაძლიერებლად ქვეყნის მასშტაბით გადამზადების პროგრამა იწყება

500 ქალი ტექნოლოგიებში - საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი იწყება, რომლის პრეზენტაციაც BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მასშტაბით 500 ქალის გადამზადების პროგრამას იწყებს. გადამზადება ტექნოლოგიების სფეროში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. მათ შორის: 

  •  Front-end დეველოპმენტი;
  •  Back-end დეველოპმენტი;
  •  UI/UX დიზაინი;
  •  გრაფიკული დიზაინი;
  •  ციფრული მარკეტინგი;
  •   ციფრული პროდუქტების ტესტირება;
  •   და სხვ.

 

მონაწილეების შერჩევა მოხდება როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.

გადამზადების ტექ-მოდულები ჩატარდება როგორც დამწყებებისთვის, ასევე მათთვის ვისაც აქვს გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში, ტექ მოდულების გარდა, ჩატარდება ინგლისური ენის ინტენსიური კურსები და კარიერული ბუთქემფი, რომელიც შესძენს კანდიდატებს, ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ბუთქემფის ფორმატში, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით. მათთან ინტენსიურად იმუშავებენ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან კარიერულ განვითარებაში და შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში.

სირთულის მიხედვით დონეებად დაყოფილი კურსების გავლა, მონაწილეებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მათზე მორგებული პროგრამით მიიღონ ცოდნა და დასაქმდნენ. 

გადამზადების მნიშვნელობას პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციები აფასებენ:

„პროექტის მიზანია არამხოლოდ ქალების ცოდნის ამაღლება ტექნოლოგიების სფეროში, არამედ - მათი დასაქმება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო IT კომპანიაში. ქალების გადამზადება ტექში, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებს იმ გამოწვევას, რაც არსებობს, დღესდღეობით ამ სფეროში, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ქალები საკუთარ შესაძლებლობებში - მზარდი ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობა და  წარმატებული კარიერის შექმნა  განხორციელებადი იდეაა“, - ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი.

„არსებული სტერეოტიპების მიხედვით, ქალები უფრო მეტად ჰუმანიტარული მიმართულებით არიან ჩართულნი, რაც ნაკლებად ანაზღაურებადი სფეროა - თავისთავად, ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის. 500 ქალის გადამზადება ტექნოლოგიებში შექმნის რეალურ დასაქმების შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ პრობლემის საბრძოლველად. აღნიშნული ინიციატივა ეხმიანება იმ პრობლემის შინაარს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს“, - ნინო წილოსანი, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი.


“პროექტი ძალიან საინტერესო არის ჩვენთვის, ველოდებით, რომ იმაზე მეტი ადამიანი ჩაერთვება ვიდრე დაგეგმილია, რადგან პროექტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. საქართველოში ეს სფერო მზარდია. ტრადიციულად, ქალები ნაკლებად არიან ჩართული ტექ. მიმართულებით და ჩვენი მოტივია რაც შეიძლება მეტი ქალი ჩავრთოთ და დავსაქმოთ ამ მიმართულებით“, - ნინო ქაშიბაძე, EPAM-ის მარკეტინგის მენეჯერი.

პროექტის განხორციელებაში ერთვებიან საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტში გადაამზადებენ მონაწილეებს და ითანამშრომლებენ მათთან შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისთვის. 

პარტნიორ კომპანიათა რიცხვი სისტემატიურად იზრდება, ამ ეტაპზე, პროექტის მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს ორგანიზაციებმა: GITA, თიბისი, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, ნოქსტონი, b2c, Phubber, სამბრელა, Sweeft Digital, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, Travel Guide, Total Courage - Georgia, და სხვ..

კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილ, ასევე გამოუცდელ ქალებს - 16 წლის ასაკიდან. 

კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე