ტექნოლოგიები
19/12/2022

ნადარეიშვილი: საქართველო მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება

თურქეთის უმსხვილესი კომპანია United Payment-ი საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა.

„საქართველო სულ უფრო მეტად საინტერესო ბაზარი ხდება არამხოლოდ სტანდარტული ტიპის ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის, არამედ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის ფინტექის მიმართულებით. ამას ხელს უწყობს როგორც ზოგადი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ასევე მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც ქმნის ფინტექებისა და ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისადმი მიმზიდველ სამართლებრივ ჩარჩოს. ამ მხრივ შეიძლება ხაზი გაესვას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანების ფარგლებში მიღებულ მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა United Payment-ის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, United Payment-ს საკმაოდ საინტერესო პორტფელი აქვს სერვისების მიმართულებით და ის აქტიურად ფართოვდება რეგიონში, მათ შორის აზერბაიჯანში, რუმინეთსა და სხვადასხვა ქვეყანაში.

„საკმაოდ საინტერესო საუბარი გვქონდა როგორც კომპანიის მომავალ გეგმებზე საქართველოში, ასევე მათ თანამშრომლობაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ქართული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და პერსპექტივების თაობაზე“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექი) როლი და განვითარების დონე მსოფლიოს ბაზრებზე ძალიან სწრაფად იზრდება - ფინტექკომპანიები აწარმოებენ ფინანსურ მომსახურებას კომპიუტერული პროგრამისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, რის შედეგადაც მომხმარებელს შეუძლია, უფრო მარტივად და სწრაფად დაგეგმოს, მართოს და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები. აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის დროულ ინფორმირებას, რაც, შესაბამისად, ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს მომსახურებას.