ტექნოლოგიები
08/02/2022

მიიღებს თუ არა "სილქნეტი" 5G-ის დასანერგად აუქციონში მონაწილეობას - კომპანიის განმარტება

მოთხოვნის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას - ასე პასუხობს კომპანია „სილქნეტი“ კითხვას, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 5G ქსელის დასანერგად ლიცენზიების აუქციონში.

„ბიზნესპარტნიორში“ „სილქნეტის“ სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არსებული 4G და 4.5G ქსელი მოხმარების ადეკვატურია.

„დღეს რასაც საქართველო, ჩვენი მომხმარებელი მოიხმარს ამისთვის 5G საჭირო არ არის. 5G საჭირო იქნება ინდუსტრიული მოხმარებისთვის -  მანქანებისთვის რომელიც საკუთარ თავს მართავს, ტელემედიცინისათვის, რობოტიზებული ქარხნებისთვის, ეს იქნება ათობით მილიონი დაკავშირებული მოწყობილობა, რომელსაც სჭირდება 5G. შევხედავთ, როგორ ვითარდება 5G ქსელზე მოთხოვნა, შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას და ინვესტიციებსაც შესაბამისად გავწევთ“, - აცხადებს ილია ენუქაშვილი.

თავად კომუნიკაციების კომისია კი, 5G ქსელის დასანერგად ლიცენზიების გასაცემად აუქციონების გამოცხადებას პირველ კვარტალში გეგმავს.

აუქციონზე 4 სიხშირე გამოვა და საწყის ფასზე 80%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება.  

როგორც  კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განმარტა გამარჯვებულ კომპანიას მიეცემა 7 წლის ვადა არეალის დაფარვისთვის: ეს მოიცავს ქალაქების, საკურორტო ზონების, გზებისა თუ რკინიგზის დაფარვის კონკრეტულ ვალდებულებებს.  

„დაფარვის დაგეგმვისთვის ვიხელმძღვანელეთ მსგავსი პატარა, მთა-გორიანი ქვეყნების გამოცდილებით, სადაც გაშვებულია 5G ქსელი ან ლიცენზია არის გაცემული. ვალდებულება განაწილებულია 7 წელიწადზე, მაგრამ ამ ნაწილშიც ღია ვართ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას, მათ შორის ოპერატორებთან, რომ თუკი არსებობს საჭიროება ამ 7-წლიანი გეგმის კორექტირების, ამისათვის მზად ვართ“, - განაცხადა დეკემბრის ბოლოს „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას  ეკატერინე იმედაძემ და აღნიშნა, რომ როგორც წესი, 3 წლიანი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების კომერციალიზაცია წაახალისებს ოპერატორებს დაფარვა უფრო სწრაფად განახორციელონ. 

კომუნიკაციების კომისიის წევრის თქმით, ოპერატორების მხრიდან ინტერესი არსებობს და მათთან მუშაობა გრძელდება.