მეფე ჩარლზი ხელოვნური ინტელექტის რისკების შესამცირებლად, ქვეყნებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
მსოფლიო ლიდერები და ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას ითხოვენ.
საკითხი დიდ ბრიტანეთში გამართულ AI უსაფრთხოების სამიტზე განიხილეს. სამიტი ბრიტანეთის მონარქის, მეფე ჩარლზის სამეფო გზავნილით გაიხსნა, სადაც ის ამბობს, რომ მიესალმება ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის პოტენციალს, მას მოიხსენიებს, როგორც "ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ ნახტომს" კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა, მოუწოდებს მხარეებს რომ დაიწყონ გლობალური თანამშრომლობა, რათა სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია დარჩეს უსაფრთხო და დაცული.
„ჩვენ ვხედავთ უდიდეს ტექნოლოგიურ ნახტომს კაცობრიობის ისტორიაში. ხელოვნური ინტელექტის სწრაფ ზრდას ჩვენი დროის მრავალი უდიდესი მოაზროვნე მიიჩნევს არანაკლებ მნიშვნელოვანად, ვიდრე ეს იყო ელექტროენერგიის აღმოჩენა, ატომის გაყოფა, ინტერნეტის შექმნა, ან თუნდაც ცეცხლის მოთვინიერება. AI-ს აქვს პოტენციალი მთლიანად გარდაქმნას ცხოვრება, დაგვეხმაროს განვკურნოით დაავადებები, დავაჩქაროთ ჩვენი სვლა ნულოვანი ემისიისკენ, დაგვეხმაროს ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში. თუმცა, თუ ჩვენ გვინდა გავაცნობიეროთ ხელოვნური ინტელექტის უთვალავი სარგებელი, მაშინ ერთად უნდა ვიმუშაოთ მისივე რისკებთან ბრძოლაზეც.
AI განაგრძობს წრაფ წინსვლას და არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება, მან გადააჭარბოს ადამიანის შესაძლებლობებს, თუნდაც ადამიანის გაგებას. აშკარაა სურვილი, რომ ეს სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია დარჩეს უსაფრთხო და დაცული. ეს მისია კი, მოითხოვს საერთაშორისო კოორდინაციას და თანამშრომლობას. პასუხისმგებლობის მქონე პირებს ევალებათ შეხვდნენ ამ გამოწვევებს, დაიცვან ადამიანების კონფიდენციალურობა და საარსებო წყარო, რაც აუცილებელია როგორც ჩვენი ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის“ - აცხადებს მეფე ჩარლზი ვიდეომიმართვაში, რომელიც სამიტის გახსნის წინ ჩართეს.
გაერთიანებულმა სამეფომ სამიტს სიმბოლურად, ბლეჩლის პარკში უმასპინძლა, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების სამშობლოდ მიიჩნევა, სადაც მათემატიკოსმა ალან ტურინგმა გაშიფრა Enigma კოდი და საფუძველი ახალ ციფრულ ეპოქას ჩაუყარა.