ტექნოლოგიები
19/09/2022

ხეხილის ბაღის მორწყვა დისტანციურად - ფანტაზიის ჟანრიდან რეალობაში

წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნე სმარტფონების გარეშე?

ალბათ არა, ან თუ წარმოგიდგენიათ, მარტივი ნამდვილად არ იქნება. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები ზოგჯერ მართლაც უსაზღვროა. აი, მაგალითად, სულ რაღაც 10, ან 15 წლის წინ, ალბათ რთულად თუ წარმოვიდგენდით როგორ შეიძლებოდა სმარტფონზე თითის მხოლოდ ერთი დაჭერით თბილისიდან სხვა რეგიონში მდებარე ბაღი მოგვერწყა. ან, გაგვეზომა ამავე ბაღში არსებული მიწის შრეების ტენიანობა ისე, რომ ამ მიწას არც მივახლოვებოდით. 2022 წელს ამ მოცემულობამ ფანტაზიის ჟანრიდან რეალობაში გადმოინაცვლა და ბიზნესის დიდი ინტერესიც გამოიწვია. 

თიანეთის რაიონში, ხევსურთსოფელში თითქმის 5 ჰექტარზე კომპანია "კვალმა" გასულ წელს კენკროვანი კულტურების, მარწყვისა და ხეხილის ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ნაკვეთის მთლიან ტერიტორიაზე ე.წ ჭკვიანი ტექნოლოგიების დამონტაჟება გადაწყდა. კლიმატგონივრული ტექნოლოგიები კომპანიის მეპატრონეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ბაღი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლონ. მთავარია, ორი რამ - სმარტფონი და ინტერნეტი. 

"ამ ყველაფერს ვუვლით ჭკვიანი ტექნოლოგიებით, ტენსიომეტრებით, მართვის პულტებითა და ირიგაციის სისტემით, რომელიც მთლიანად იმართება მობილური აპლიკაციის საშუალებით. აპლიკაციაში ასევე შემოდის ინფორმაცია, რომელიც მიწის სხვადასხვა შრეში ტენიანობას ზომავს. შემდეგ ეს ყველაფერი აგრონომის მიერ მუშავდება და მისი რეკომენდაციით ვატარებთ შესაბამის წამლობას.

სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დღის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია, შეგვიძლია გავუშვათ მორწყვა და ვაკონტროლოთ მისი ათვისებაც. რამდენად შეითვისებს მცენარე წყალს. ესეც სენსორების დახმარებით ხდება. მცენარეს ზუსტად ის რაოდენობა შეგვიძლია მივაწოდოთ, რამდენიც მას იმ დროს სჭირდება. ეს სენსორი სწორედ იმას აღიქვამს, ტენიანობა რა დონეზე უნდა იყოს. როგორც კი ამ დონეს მიაღწევს, ავტომატურადაა შესაძლებელი მისი გათიშვა", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჯამაგიძე. 

სწორედ ინტერნეტისა და შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით ნაკვეთში დამონტაჟებული მეტეოსადგური აგროვებს მონაცემებს არსებული, ან უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ. ამასთან, ზომავს ნიადაგის ტენიანობას და საჭიროების შემთხვევაში აპლიკაციისვე მეშვეობით გვატყობინებს, რომ საჭიროა ირიგაციის სისტემის ამუშავება. მეტიც, ტექნოლოგია ფერმერებს რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს შესაძლო სეტყვის შესახებ. ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის ბაზას, რომელსაც კომპანიის მიერ დაქირავებული აგრონომი, ასევე დისტანციურად ამუშავებს. მიღებული მონაცემები კომპანიის შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების განსმსაზღვრელია.

"არსებული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვაკონტროლოთ ჩვენი ფერმა. როცა მოგვინდება და რა დოზითაც მოგვინდება ისე მივაწოდოთ საკვები, წყალი. შესაბამისად, მცენარე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის. ეს, პირველ რიგში, ხელს გვიწყობს რესურსების დაზოგვაში. საქართველოში ყველგან მუშახელის პრობლემაა. არც სოფლის მეურნეობაა გამონაკლისი. განათლების პრობლემაც დგას", - აღნიშნავს ჯამაგიძე. 

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე, კლიმატგონივრულ ტექნოლოგიებზე საუბარი ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია. უფრო სასიამოვნო კი ამ მიდგომების რეალობაში ნახვაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ტექნოლოგიების დახმარებით იზოგება ბუნებრივი რესურსები, რის პარალელურადაც ფერმერი უფრო უხვ და ნაყოფიერ მოსავალს იღებს. გრძელვადიან პერსპექტივაში მცირდება ბაღისა თუ ფერმის მოვლაზე გაწეული ხარჯებიც. ჩნდება კითხვა, რომელ ფერმერს არ სურს მეტი მოსავალი ნაკლები ხარჯით და თუ სურთ, რატომ არ იყენებენ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს?

"ეს ყველაფერი ერთ და ორ ლართან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ დიდი ინვესტიციაა საჭირო. სამწუხაროდ, არ ვიცი სახელმწიფოს მხრიდან რამე პროგრამები ხორციელდება, თუ არა. ეს ყველაფერი მთლიანად ჩვენი ფინანსებით გავაკეთეთ",- განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" "კვალის" თანადამფუძნებელი. 

საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ვარაუდით, 2022 წლიდან 2032 წლამდე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების ბაზარი მინიმუმ 25%-ით გაიზრდება. მიმდინარე წლის მონაცემებით კი გლობალურად ამ ბაზრის მოცულობა 17 მილიარდ დოლარს აღწევს. თუ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება გვსურს, ტენდენციებს ფეხიც უნდა ავუწყოთ. თუმცა, საკითხავია, იძლევა თუ არა არსებული რეალობა ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას.