ევროპელი ექსპერტების შეფასებით, ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ეფექტური კონკურენცია არ არსებობს
საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზრებზე არ არსებობს ეფექტური კონკურენცია და არსებობს კონკრეტული ბაზრები, რომლებზეც წინასწარი რეგულირების საჭიროებაა - ამის შესახებ ევროპელი ექსპერტები საუბრობენ, რომლებიც კომუნიკაციების კომისამ მოიწვია ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის ჩასატარებლად. კვლევის პირველი ეტაპის შედეგები კომკომმა ევროპელ ექსპერტებთან ერთად წარადგინა.
“ჩვენ დავასრულეთ პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს ფიქსირებულ და მობილურ საცალო ბაზრებზე კონკურენციის კვლევას. დავადგინეთ, რომ ამ ბაზრებზე არ არსებობს ეფექტური კონკურენცია და გამოვავლინეთ კონკრეტული ბაზრები, რომლებზეც წინასწარი რეგულირების საჭიროება არსებობს“ - აცხადებს ექსპერტი დომაგო იურიევიჩი.
მისივე თქმით, კვლევის შემდეგ ეტაპზე ფოკუსი გაკეთდება ფართოზლოვანი ინტერნეტის და მობილური მომსახურების მიმართულებაზე. მთლიანობაში, კი ექსპერტების შეფასებით, ტელეკომუნიკაციების ბაზარს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სჭირდება.
„ჩანს რომ ტელეკომუნიკაციების ბაზარს სჭირდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. ჩვენი ექსპერტები წარადგენენ ანალიზს და ყურადღებას გაამახვილებენ როგორც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის რეგულირებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე, ისე მარეგულირებელ სტანდარტებზე. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია იმ პროცესისა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვაგრძობთ კომუნიკაციების კომისიისა და საქართველოს მხარდაჭერას“ - აცხადებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა.
როგორც ბაზრის მონაწილე, კვლევაში ჩართული იყო „მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაცია“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, საუბარი შეეხო შიდა ბაზარს.
„ექსპერტები აღმოსავლეთ ევროპიდან არიან და კარგად ესმით ჩვენს ბაზარზე არსებული ვითარება. მათთან ორი შეხვედრა გვქონდა და აიტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა სამართლიანი კონკურენციის საკითხები, ბაზრის დემპინგები, არსებული სქემების სამართლიანობა. ჩვენ საკმაოდ ბევრი საკითხი გვქონდა. მათ შორის ისეთი, როგორიცაა საერთაშორისო ზარების მარშრუტები და ამ ტრაფიკის მოძრაობა, ინფრასტრუქტურასთან დაშვების საკითხები და სხვა“ - აცხადებს უჩა სეთური.
ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები. რაც კომკომის განმატებით შეეხება პროექტის შემდგომ ეტაპზე ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნას, მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებასა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის მიზნით, რეგულაციებს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისის („AA Facility“), ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ტელეკომ სექტორის წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
კომკომის ინფორმაციით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პროექტის შემდგომ ეტაპზე ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნის, მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებისა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის მიზნით, შესაბამისი რეგულაციები შემუშავდება.