ტექნოლოგიები
15/03/2023

"5G ტექნოლოგიის დასანერგად კომპანიებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება მოუწევთ"

შექმნილია ყველა წინაპირობა 5G პლატფორმების დასანერგად -  კომუნიკაციების კომისიის წევრის ვახტანგ აბაშიძის განცხადებით, კომპანიებს 5G აპარატურის შეძენის მიზნით, მნიშვნელოვანი ინვესტიციებს განხორციელება მოუწევთ. ამ დროისთვის, სწორედ მათთან მიმდინარეობს მუშაობა და ტექნიკური საკითხების შეჯერება.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ წლის დასაწყისშივე გამოგვეცხადებინა აუქციონი, შესაბამისად, ეს სურვილი რჩება ძალაში. მაგრამ პროცესი დამოკიდებულია ტექნიკური, თუ სხვა სახის საკითხების გარკვევაზე. სუფთა სამუშაო საკითხებია დარჩენილი - რა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელი სტანდარტი ჯობს. ამ კუთხით, საინვესტიციო თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ექნებათ კომპანიებს გასაწევი, მათ შორის, ახალი 5G აპარატურის შეძენის მიზნით, ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით. ეს კი ტექნიკურ და სხვა სახის სტანდარტებთან არის დაკავშირებული. მიმდინარეობს ამის საბოლოოდ გააზრება და შეჯერება კომპანიებთან“ - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულია რაც შეიძლება მალე დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და 5G პლატფორმები.

“შესაბამისად, მომზადებულია ყველა ის წინაპირობა, რომელიც გულისხმობს როგორც ტექნიკურ, ასევე სხვა თვალსაზრისით აუცილებელ საკითხებს. თუმცა, სამუშაო პროცესში გარკვეული საკითხები აქვთ როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენს პარტნიორ სამსახურებს, აქედან გამომდინარე, მიდის სამუშაო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს და გვსურს, რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს აუქციონი ახალი ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით“ - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

როდის გამოცხადდება 5G ტექნოლოგიის დანერგვის მიზნით აუქციონი, ჯერჯერობით, კვლავ უცნობია. კომისიაში ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მაისი-ივნისში დაიწყება.

Businesspartner