ზღვის და მთვარის ეფექტი - სტარტაპი Halo სარკეების შოურუმის მოწყობას გეგმავს
HALO მომხმარებელს განსხვავებული ტექნოლოგიით და მასალით დამზადებულ ხელნაკეთ დეკორატიულ სარკეებს სთავაზობს, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება საქართველოს ბაზარზე.
HALO ორი მეგობრის სტარტაპია, რომლის შექმნის იდეაც პანდემიის პერიოდში გაჩნდა, თუმცა ბრენდი ბაზარზე დაახლოებით 1 წლის წინ გამოჩნდა.
სტარტაპის თანადამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ მთავარი მოტივაცია განსხვავებული და ახალი პროდუქტის შექმნა იყო.
"HALO - ეს არის ბუნებრივი მოვლენა, ნათელი და ფერადი რგოლი, რომელიც წარმოიქმნება მზის ან მთვარის გარშემო, მისი აღქმა ინდივიდუალურია. ჩვენი მთავარი მიმართულება ზღვის ტალღების ეფექტის გაცოცხლებაა და ამ ეტაპზე, მხოლოდ დეკორატიულ სარკეებს და მაცივრის მაგნიტებს ვაკეთებთ, თუმცა სამომავლოდ სხვადასხვა დეკორაციების, სამზარეულოს ინვენტარის გაკეთებასაც ვგეგმავთ. ასევე, დღესასწაულებისთვის შექმნილი თემატური ნამუშევრები ძალიან პოპულარულია. ზღვის ტალღების შემდეგ, მომხმარებელს მთვარის თემატიკას შევთავაზებთ.
საქართველოში ერთ–ერთ ცნობილ სარკის სალონთან გვაქვს მოლაპარაკება კოლაბორაციასთან დაკავშირებით და იმედი გვაქავს, ერთად, ორივე ბრენდის სახელით ძალაინ ლამაზ და განსხვავებულ სარკეების კოლექციას შევთავაზებთ მომხმარებელს. ასევე, შოურუმის მოწყობა იგეგმება, სადაც ნამუშევრების დათვალიერება–შეძენასთან ერთად ჩვენი სტუმრები დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღებასაც შეძლებენ."–აღნიშნავს, ანა ერემეიშვილი.
HALO -ს დეკორაციების ფასები 25 ლარიდან იწყება და ფასი შეკვეთის ზომის, რაოდენობის და სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით იცვლება. ინდივიდუალური შკვეთების გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნამუშევრები ონლაინ შეიძინოს.
"გვაქვს პატარა ფართი, სახელოსნო, სადაც საკუთარი ხელით ვამზადებთ შეკვეთებს. პრაქტიკიდან გამომდინარე, თითო შეკვეთის დამზადებას 2–3 დღე სჭირდება, ეს დრო ძირთადაც ეპოქსიდის გაშრობას მიაქვს და დამოკიდებულია მომხმარებლის სურვილზე და დიზაინზე. რაც უფრო ნაკლები ფენა ეპოქსიდია გამოყენებული, შეკვეთაც უფრო მალე მზადდება. მნიშვნელოვანია დამზადების პროცესის მონიტორინგი, რომ ყველაფერი ისე შენარჩუნდეს, როგორც საჭიროა. დამზადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ნამუშევრები არ მეორდება. რაც შეეხება ნედლეულს, საქართველოს ბაზარზე არსებული მასალები ვერ გვაძლევდა იმ შედეგს და ხარისხს, რაც გვინდოდა, ამიტომ მოგვიწია სხვა ქვეყნებიდან შემოგვეტანა საჭირო ნედლეული.
მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და ბრენდიც ვითარდება. ხშირად ვიღებთ მონაწილეობას ბაზრობებზე და გამოფენებზეც, რაც მნიშვნელოვანია უკუკავშირისთვის და მომხმარებლის სურვილების გასაგებად. ამასთან, ახლახანს საერთაშორისო პლატფორმა Etsy.com-ზე გამოვჩნდით, სადაც მხოლოდ კედლის სარკეებს წარმოვადგენთ, რადგან რეგულაციებით მაგნიტის ექსპორტი აკრძალულია. ახლა მარაგების შევსების პროცესში ვართ და სულ მალე აქტიურად დავიწყებთ ოპერირებას."–აცხადებს, Halo-ს თანადამფუძნებელი ლალი ქუთათელაძე.
ცნობისთვის, სტარტაპი კერძო ინვესტიციით შეიქმნა, თუმცა მომავალში HALO დაფინანსებისთვის სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს.