სტარტაპი
29/12/2020

Vorrei - ქართული სტარტაპი, რომელიც ნატურალურ კოსმეტიკას აწარმოებს

სტარტაპი Vorrei მომხმარებლებს ქართული წარმოების ნატურალური და ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ კოსმეტიკას სთავაზობს. ბრენდის თანადამფუძნებელი მარიამ დოლიშვილის თქმით, პროდუქცია ყველა წესის დაცვით საკუთარ საწარმოში მზადდება.

„პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა, საწარმოს ფართი ჩვენი საკუთრებაა, ხოლო პროდუქციის დასამზადებლად და ბაზარზე გასატანად 10 000 ლარი დაიხარჯა. კოსმეტიკა მზადდება თერმულად, ნედლეული ჩამოგვაქვს იტალიიდან, ჩინეთიდან, ასევე სხვა კომპანიებისგან განსხვავებით ვხმარობთ სხვადასხვა ბუნებრივი მცენარეების ფხვნილებს და ზეთებს, კარკადეს, მწვანე ჩაის, ჰიმალაის მარილს და ა.შ. 

გვაქვს ქალისა და მამაკაცის ხაზი, სახის საცხები, სერუმები, სკარბები, სახის ნიღბები, საპნები და ა.შ. მალე გვექნება თმის მოვლის საშუალებებიც. 2–3 თვეში კი გვინდა ბავშვის ხაზის გამოშვება, რომელიც იქნება უფრო მეტად ჰიგიენური საშუალებები,“ – აღნიშნავს მარიამ დოლიშვილი.

Vorrei–ს კოსმეტიკის რეალიზება ონლაინ ფლატფორმების მეშვეობით ხდება. ბრენდი პროდუქციის განთავსებას „გლოვოს“ სტარტაპერის განყოფილებაში გეგმავს.

კომპანიამ საახალწლოდ მომხმარებლებს საინტერესო სასაჩუქრე ბოქსები შესთავაზა. ჯერ მხოლოდ 3 კვირაა, რაც გაყიდვაშია სტარტაპის წარმოებული კოსმეტიკა, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რასაც საახალწლო პერიოდმა შეუწყო ხელი.

"რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გაფართოებისა და წარმოების გამარტივებისთვის, ვფიქრობთ, დანადგარების ჩამოტანას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ფინანსების მოძიების მიზნით ვგეგმავთ საგრანტო კონკურსებსა და თანადაფინანსების პროექტებში მონაწილეობას,“ – აღნიშნა Vorrei–ს თანადამფუძნებელმა.

 

Businesspartner