თანამედროვე ტექნოლოგიები საკურიერო მომსახურებაში - GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი DeliverOn-ის გეგმები
სტარტაპი DeliverOn საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა.
პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. DeliverOn–ის დამფუძნებელი გიორგი დარსაველიძე „ბიზნესოარტნიორთან“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ჩვენს პლატფორმაზე ვაწევრიანებთ ყველა საკურიერო მომსახურების კომპანიას, ასევე ჩვენი პლატფორმით სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც ონლაინ ვაჭრობენ, არ აქვს მნიშვნელობა კვების ინდუსტრიაა ეს თუ საცალო ვაჭრობა და ა.შ. DeliverOn–ის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ალგორითმზე დაფუძნებული სისტემით, ჩვენთან გაერთიანებულ კომპანიებს, კონკრეტულ მომენტში, მიტანის სერვისის საუკეთესო ფასს ვთავაზობთ. შესაბამისად, მათ არ უწევთ მხოლოდ ერთ დელივერ კომპანიასთან თნამშრომლობა,“– აღნიშნავს გიორგი დარსაველიძე.
DeliverOn–ის საშუალებით, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კურიერები დაარეგისტრირონ პლატფორმაზე, რის შემდეგაც როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს საშუალება ექნება თვალი ადევნოს მიტანის პროცესს. ასევე, რეგისტრაცია შეუძლიათ ფრილანსერ კურიერებსაც, რომელებიც კიდევ უფრო ნაკლებ ფასად შესთავაზებენ მომხმარებლებს მომსახურებას. მათთან თანამშრომლობისთვის ცალკე აპლიკაციაა, სადაც მიიღებენ შეკვეთებს, მოხდება შეფასება და რეიტინგის მიხედვით შეკვეთების გადანაწილება, ამასთან დაბალი რეიტინგის მქონე კურიერები ვეღარ შეძლებენ მუშაობას.
„GITA–ს გრანტს გამოვიყენებთ პლატფორმის დასახვეწად, ალგორითმის გასავითარებლად და მარკეტინგული ხარჯების დასაფარად. სამომავლოდ, ვგეგმავთ საქართველოს საზღვრებს გავცდეთ, გავიდეთ რეგიონალურ ბაზარზე და შემდეგ უკვე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. ამაში გლობალური კომპანიები დაგვეხმარებიან, როგორიცაა GLOVO, WOLT, UBER და სხვა. მათი მომსახურების კოდი მსოფლიოს მასშტაბით იგივეა, რითაც მარტივდება რეგიონში გასვლა და სხვა ქვეყნის ბაზარზე გასასვლელად არ მოგვიწევს ინტეგრაცია და დამატებითი ხარჯების გაწევა.
საგრანტო კონკურსის პერიოდში მიღებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება სწორად წარმოვადგინოთ ჩვენი სტარტაპი, პროცესი იყო ძალიან ნაყოფიერი და მოგვცა სწორი მიმართულებები და მინიშნებები, თუმცა პროდუქტის შინაარსი არ შეგვიცვლია. აქამდე, პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 140 000$–ია", - ამბობს DeliverOn–ის დამფუძნებელი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი.