სტარტაპი
27/06/2021

სტარტაპი Plants macrame: სამომავლოდ მთავარი მიზანი ექსპორტზე გასვლაა

სტარტაპი Plants macrame განვითარების გეგმებსა და სამომავლო პროექტებზე  "ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. კომპანიის დამფუძნებლის, სალომე შეთეკაურის განცხადებით, სამომავლო გეგმებში მთავარი მიზანი ექსპორტზე გასვლაა. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპი ახალი დაფუძნებულია, მომხმარებლის მხრიდან ინტერესი მზარდია. 

“ახლა მხოლოდ Facebook გვერდით შემოვიფარგლებით, თუმცა, ვცდილობთ მომხმარებელს ყოველდღიურ რეჟიმში ახალი, საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ. გვაქვს ბევრი გამოწვევა, ვინაიდან ასე თუ ისე კონკურენტულ გარემოში გვიწევს მუშაობა.

ამიტომ გვინდა პროდუქცია მრავალფეროვანი გავხადოთ, გავზარდოთ ასორტიმენტი. სამომავლოდ მაღაზიის გახსნასაც არ გამოვრიცხავთ. მომხმარებლის მხრიდან დაინტერესებას ვხედავთ, ვაპირებთ სამომავლოდ გავაფართოვოთ სფერო და მაკრამეს ტექნიკით ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორიც შევთავზოთ ბაზარს.

მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა, ყველაფერი იწყება დიზაინის შერჩევით. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი იდეა და შთაგონება ჩნდება. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის გემოვნებას და ვცდილობთ შევქმნათ განსხვავებული და ორიგინალური პროდუქცია. ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ხომ მოთხოვნა და მიწოდებაა, ამიტომ რაზეც ჩნდება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა ჩვენც ისე ვადაპტირდებით, ვამატებთ ფერებს, დიზაინებს და ვთავაზობთ ახალ კოლექციებს,“ – აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი.

Plants macrame–ს  გაყიდვაში ამჟამად გაყიდვაში მცენარეთა აქსესუარებია, ასევე  სხვადასხვა ფერის, ზომის და დიზაინის საკიდები, ქოთნის სადგამები და მოსართავები. მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით კომპანია კერძო შეკვეთებსაც იღებს. ყველაფერი საკუთარ სახელოსნოში, იმპორტირებული ნედლეულით მზადდება. პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ხდება. აქსესუარების ფასი 15 ლარიდან იწყება.

„ყოველთვის მიყვარდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მცენარეების მოვლა. ამასთან ერთად, ვსწავლობდი მაკრამეს – ეს არის კვანძებით ქსოვის ხელოვნება. პანდემიის პერიოდში კი გადავწყვიტა ეს ორი საქმიანობა გამეერთიანებინა და ბიზნესის სახე მიმეცა.

პროფესიით ქორეოგრაფი, ქორეოლოგი ვარ. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს ეს სფერო ძალიან დაზარალდა, გარკვეული პერიოდი მუშაობას ვერ ვახერხებდით. გამიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო, ამ პერიოდში ვაკვირდებოდი ბაზარს, სოციალურ ქსელს და შევამჩნიე რომ ბევრი დაინტერესდა მცენარეებითა და მათი მოვლით. პირველად სამშვენისები, ასე ვეძახი მცენარის აქსესუარებს, მხოლოდ ჩემთვის და ახლობლებისთვის დავამზადე. საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ ამ ყველაფერს ბიზნესის სახე მივეცი და ჩამოყალიბდა ახალი, საინტერესო სტარტაპი, რომელშიც ჩემი ოჯახიც ჩაერთო“ – აღნიშნავს სალომე შეთეკაური.