სტარტაპი
28/07/2022

სტარტაპი Datamind: გვაქვს ამბიცია, რომ მილიარდად შეფასებული კომპანია გავხდეთ

Datamind ქართული სტარტაპია ტექნოლოგიურ სექტორში, რომელიც ქართულ ბაზარზე 1 წელია ფუნქციონირებს და კომპანიის შემოსავალმა რამდენიმე მილიონ ლარს მიაღწია. კომპანიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მსხვილი კორპორაციებისთვისა და საშუალო ბიზნესისთვის მონაცემთა საცავის შექმნა და ბიზნესისთვის საჭირო მონაცემების ერთიან სივრცეში დამუშავება ანალიტიკური მიზნებისთვის.

Datamind–ის თანადამფუძნებელი ვახტანგ ბურჭულაძე-კალანდაძე "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანიის მოკლე ვადაში წარმატების მთავარი საწინდარი იყო უნიკალური და ეფექტური პროდუქტის შეთავაზება კლიენტებისთვის, რაც დღეს მათ საშუალებას აძლევს ყოველდღიურ რეჟიმში მარტივად, სწრაფად და ეფექტურად აკონტროლონ ბიზნესისთვის საჭირო მთავარი მაჩვენებლები.

"პროექტის შექმნას წინ უძღვოდა ჩემი პარტნიორისა და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროში, რის საფუძველზეც დავაარსეთ კომპანია, რომელიც აქამდე მსოფლიოში არ არსებობდა. ჩვენ შევქმენით მონაცემთა ინტეგრაციის უნივერსალური ძრავი, რომელიც უპრეცედენტოა მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც უკავშირდება ნებისმიერი ტიპის მონაცემთა ან ანალიტიკურ სისტემას. ამ ყველაფერს ვაერთიანებთ ერთ სისტემაში და უმაღლესი დონის ნორმალიზებით ვქმნით მონაცემთა საცავს.

ამ ეტაპზე, ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან ბანკებთან, როგორიცაა "ლიბერთი ბანკი", "ბაზის ბანკი", ასევე ჩვენი პარტნიორია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ოფიციალურ ვებ–გვედზე განთავსებულია Datamind–ის მიერ მომზადებული საბანკო სექტორის ანალიტიკური რეპორტი. გვყავს შედარებით მცირე ზომის კომპანიებიც და ამჟამად განვიხილავთ 3 დიდ პროეტს, რომელზე მუშაობასაც მალე დავიწყებთ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ–ერთი საუკეთესო სტარტაპი ვართ, როგორც შემოსავლების, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. დაარსებიდან დაახლოებით 7 თვეში კომპანიის ღირებულებამ $2.2 მლნ შეადგინა და წარმატებით გაიარა პირველი საინვესტიციო რაუნდი (Pre-seed Round), რაც მხოლოდ რამდენიმე სტარტაპმა შეძლო საქართველოში. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს კლიენტთა მონაცემების უსაფრთხოების დაცვა, შესაბამისად მოზიდული თანხის 70% უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზეა გათვლილი. ამ მიმართულებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიასთან უსაფრთხოების სტანდარტის პროტოკოლის დანერგვისა და GDPR Compliance-ის შესაბამისად მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით, რომელიც საბანკო სექტორის დაცულობასაც აღემატება და მსოფლიოს ნებისმიერი ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაშია."–აცხადებს ვახტანგ ბურჭულაძე-კალანდაძე.

მისივე თქმით, მონაცემთა ინტეგრაციის ძრავი საშუალებას იძლევა ერთდროულად 2–3 მსხვილი პროექტი განახორციელონ, რაც ეფექტიანობის ზრდის მთვარი მაჩვენებელია. რაც შეეხება კომპანიის განვითარებას, სტარტაპს სანდოობის, დაფინანსების მოზიდვისა და შემოსავალის ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს.

"50%–იანი მარჟით, ოპტიმიზაციის უმაღლეს სტანდარტს ვქმნით. გვაქვს ვებ–გვერდი Datamind.ge, თუმცა საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე მომხმარებელთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას სხვა არხებით ვამჯობინებთ. მარტის ბოლოს გვქონდა საინვესტიციო რაუნდი, რომლის ფარგლებშიც Datamind–მა $210 000 მოიზიდა . ასევე 2 თვის წინ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი გრანტიც მივიღეთ.

საქართველოს შემდეგ ევროპის ბაზარზე ოპერირებას ვგეგმავთ. ასევე, 2023 წლის დასაწყისში გვექნება მეორე საინვესტიციო რაუნდი Silicon Valley-ზე, რაც ახალი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარება. ვგეგმავთ, რომ ოქტომბრის ბოლოდან ის მომსახურება და გადაწყვეტა, რასაც ახლა გავწევთ მსხვილი ორგანიზაციებისთვის გადავიტანოთ მცირე სექტორში, რაც 10 ჯერ ხელმისაწვდომი იქნება კლიენტებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ 5 წლის თავზე ამ მიართულებით 5000 კლიენტს მოვემსახუროთ, რაც კომპანიის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის და Datamind დაპოზიციონირდება საერთაშორისო დონის ორგანიზაციად და ბრენდად. ჩვენი ბიზნესის მთვარი არსი და ხიბლი არის ის, რომ ჩვენი უნიკალური და ეფექტური პროდუქტით მოვემსახუროთ საშუალო სეგმენტს, რომელსაც დღეს ჭირდება სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთობა და მსხვილი ხარჯების გაწევა ერთიანი სურათის დასანახად და ეფექტურობის მისაღწევად. აღნიშნული ბიზნეს კომპანიები შეადგენს ბაზრის 95%-ს, შესაბამისად სეგმენტის  1% ან 2%–ის ათვისების შემთხვევაშიც კი, ამბიცია გვექნება, რომ მილიარდად შეფასებული კომპანია გავხდეთ,"–აცხადებს სტარტაპის დამფუძნებელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სტარტაპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება გუნდის გაძლიერება, რაც მოიცავს მონაცემთა დეველოპერებისა და ფინანსური გუნდის ზრდას, ეს კი კლიენტებისთვის საინტერესო და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნისთვის აუცილებელი წინაპირობაა.