Social Impact Award-ის გამარჯვებული გუნდები ცნობილია
Social Impact Award-ის გამარჯვებული გუნდები ცნობილია.
საერთაშორისო პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასულ ათ გუნდს შორის ჟიურიმ 4 გამარჯვებული დაასახელა, ერთი საზოგადოებამ შეარჩია.
Village 200, UnLimited, Qandle, „თაფლი ლეჩხუმიდან“ და სოციალური კაფე „ქეთოსთან“ მიიღებენ გრანტებს და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს დაესწრებიან.
Social Impact Award საქართველოში უკვე მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტში საერთო ჯამში 600-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა, საკონკურსო განაცხადი კი 94 გუნდმა შეიტანა.
Village 200 - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას.
UnLimited - აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
Qandle - ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video-ს მეშვეობით.
თაფლი ლეჩხუმიდან - პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
სოციალური კაფე „ქეთოსთან“ - მულტიფუნქციური კაფე-გალერეა ლანჩხუთში, სადაც დასაქმდებიან შშმ პირები.
Social Impact Award წელს სრულად ონლაინ რეჟიმში ცატარდა. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერიები თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში გაიმართა.
„წელს განსაკუთრებული წელი გვქონდა, პროგრამის ონლაინ რეჟიმზე გადატანამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავფართოებულიყავით საქართველოს რეგიონებში, სწორედ ამიტომაც განსაკუთრებული აქტიურობა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდება გამოიჩინეს. Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის,” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
პროგრამა საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.
„საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში“. - აცხადებენ საქართველოს ბანკში.