საქართველოში დიდი ინტელექტუალური პოტენციალია - მინისტრი SpinCar-ის მიერ ქართული Pulsar AI-ს შეძენაზე
ეკონომიკის მინისტრი გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთი ლიდერის, კომპანია SpinCar-ის მიერ ქართული სტარტაპის Pulsar AI-ს შეძენას წარმატებულს უწოდებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში.
„პირველად საქართველოს ისტორიაში მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპ კომპანია გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღემატება. ვულოცავ ქართული სტარტაპის Pulsar AI-ს გუნდს ამ წარმატებას. ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ს ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად. აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI-ი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100,000 ლარისა და 650,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.
„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციების სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლიდან აქტიურად მხარს უჭერს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე 2018 წლიდან შევძელით უფრო მასშტაბური მხარდაჭერის პროექტები შეგევთავაზებინა ქართველი სტარტაპებისთვის და დღეს ყველა უკვე ვხედავთ ამ შედეგებს. ეს პირდაპირი დასტურია, რომ საქართველოს მთავრობის ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებში და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა განვახორციელოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.