სტარტაპი
22/03/2021

პანდემიის პერიოდში ქართულმა სტარტაპებმა ₾28 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდეს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) დაფინანსებულმა სტარტაპებმა 35 მლნ ლარის კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეძლეს, აქედან 28 მლნ ლარი პანდემიურ, 2020 წელს მოიზიდეს.

GITA-ს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 11.3 მილიონ ლარს შეადგენს.

სააგენტოს თავმჯდომარემ 2020 წლის ანგარიში ონლაინ რეჟიმში წარადგინა.როგორც ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, სააგენტოს პროტოტიპირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 5000 ლარიანი საგრანტო პროგრამის მოცულობა გაიზარდა 15 000 ლარამდე და 2020 წლის განმავლობაში საგრანტო პროგრამების ფარგლებში ჯამურად გამოვლინდა 77 სტარტაპი, კერძოდ:

2020 წელს, 15 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში 27 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს დაფინანსდება 25 პროექტი.

2020 წელს, 100 000 ლარიან თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულია 40 სტარტაპი და 2021 წელსაც დაფინანსდება 40 სტარტაპი.

2020 წელს, 650 000 ლარიან საგრანტო პროგრამაში 10 გამარჯვებული სტარტაპია და 2021 წელს დაფინანსდება 10-მდე პროექტი.

სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ აქსელერატორი 500 Startups- ი. 30-მა სტარტაპმა 2020-2021 წელს გაიარა აქსელერაცია, რომლებმაც პირველი სამი თვის განმავლობაში 4.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხეს. საბოლოო ჯამში შეირჩა 4 ფინალისტი სტარტაპი, რომლებიც თავიანთ კომპანიებს, ინვესტორების წინაშე აშშ-ში, სილიკონ ველიზე 2021 წელს წარადგენენ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა Stack-მა, რომელმაც 25 წლის მანძილზე პირველად შეიტანა ინოვაცია ინტერნეტისა და ვებ-აპლიკაციების გამოყენების მეთოდში, 850 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია. ასევე ტექ ქრანჩმა სან ფრანცისკოში 500 Demo Day-ზე სთექი ყველაზე გამორჩეულ სტარტაპებს შორის დაასახელა.

 

Businesspartner