სტარტაპი
06/10/2020

ორგანული კოსმეტიკის ბრენდი "ეიფორია" ასორტიმენტს აფართოებს

ორგანული კოსმეტიკის ბრენდი "ეიფორია" სილამაზის გაბატონებულ სტანდარტებს არღვევს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ბრენდის თანადამფუძნებელი ანა სულაბერიძე ამბობს, "ეიფორია" ქალური ბიზნესია და საქმიანობის ყველა საფეხურზე ქალები არიან წარმოდგენილნი -  დაწყებული პროდუქციის ფორმულის შედგენითა და დამზადებით, დამთავრებული შეფუთვითს და მომხმარებლამდე მიტანით.

"გადავწყვიტეთ დავიწყოთ საუბარი სილამაზის გაბატონებულ სტანდარტებზე, რომლებიც რეალურად ხელოვნურად შექმნილი და მოგონილია. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით რამდენიმე საკმაოდ თამამი ნაბიჯი, მაგალითად ჩვენი პროდუქციის რეკლამირება მოვახდინეთ "ბიუთი სტანდარტებისთვის" მიუღებელი სხეულის ფორმების ჩვენებით, დავიწყეთ ამ მიდგომებზე ღიად საუბარი. სამომავლოდ ამ ვგეგმავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას. ამის გარდა, „ეიფორიაში“ გვაქვს ბევრი სიახლე, ვამატებთ ბომბების ახალ სახეობებს, ასევე ვაპირებთ ტანის კარაქის ასორტიმენტის გაზრდას, საახალწლოდ გვაქვს საინტერესო ჩანაფიქრი,“ – აღნიშნავს ბრენდის თანადამფუძნებელი ანა სულაბერიძე.

„ეიფორია“ ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური, მცენარეულ ცხიმებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს და კოსმეტიკას აწარმოებს.

მისივე თქმით, ბრენდი ბაზარზე ოთხი წლის გამოჩნდა - მიზანი ბედნიერების, თავისუფლებით განცდილი ეიფორიის, სილამაზისა და ინდივიდუალიზმის სრულფასოვანი შეგრძნების ჩუქებაა. თანამედროვე კოსმეტიკური ბაზარი გაჯერებულია საკმაოდ ბევრი, მავნე სინთეთიკური ქიმიური ნივთიერებებით რომლებიც ყოველდღიური მოხმარების პირობებში უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ორგანული ინგრედიენტებით ეფექტური კოსმეტიკის წარმოება, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტებზე აქცენტის გაკეთება  ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.

„ჩვენზე პანდემიის პირველი ტალღის პერიოდს არ მოუხდენია  უარყოფითი გავლენა, საკმაოდ პოზიტიურადაც კი შევაფასებდით გაყიდვების მაჩვენებელს. რაც შეეხება მეორე ტალღას, ნამდვილად რთული გამოწვევების წინაშე დავდექით. ამჟამად შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ლარის გაუფასურებამ, გაგვიძვირა ნედლეული და ფიქსირებული ხარჯები. სამწუხაროდ, საქართველოში არ იწარმოება ჩვენი პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეული, ამიტომ ნაწილი თავად შემოგვაქვს ამერიკიდან და ევროპიდან, ნაწილს ვყიდულობთ ადგილზე. ნედლეულის დეფიციტის პრობლემის წინაშე არ დავმდგარვართ პანდემიის არცერთ ეტაპზე", – აღნიშნავს ანა სულაბერიძე.

„ეიფორია“ მომხმარებელს ხშირად სთავაზობს აქციებსა და ფასდაკლებებს, გაყიდვების სტიმულირებისთვის ზაფხულში მიტანის სერვისი უფასო გახადა. ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვების გარდა ბრენდი წარმოდგენილია "სითი მოლში" და ჰყავს სხვადასხვა პარტიონი ობიექტი: ბიბლუსის ქსელი, ჯინო პერედაისი, ნეილ ბარი, vendoo.ge, blush.ge.