ლატვიურმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპი Total Traffic Management-ის წილი იყიდა
ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის - Total Traffic Management-ის (TTM) სააქციო წილი შეიძინა.
TTM-ს შექმნილი აქვს ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობა - ISA (Intelligent Speed Assistant), რომელიც GPS მოწყობილობასთან ერთად, ავტომობილის სიჩქარეს რეალურ დროში, გზის მოცემულ მონაკვეთზე არსებული სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით ამცირებს. ISA აჩქარების პედალზე მაგრდება და თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტობომილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებთან.
Baltic Tech Ventures-ს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ ზოლოტარევი იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიის მეშვეობით, ავტომობილების გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.
„Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას - „მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე“. სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა რომ, ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, საავტომობილო გადაადგილებას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან“, - აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.
გარდა ამისა, Baltic Tech Ventures-მა დააზღვია სავალუტო ოფციონები, რათა მომავალში TTM-ის დამატებითი აქციებიც შეისყიდოს.
Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.
„ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან, ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
TTM-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციას აქსელი-ს დამფუძნებლების თქმით, ფაქტი ადასტურებს „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ შესაძლებლობებს - აღმოაჩინონ ადრეული ეტაპის საუკეთესო სტარტაპები და ისინი შესაბამის ინვესტორებთან დააკავშირონ.