Keepz: თბილისის ტაქსის მძღოლებისთვის QR კოდებს უფასოდ ვარიგებთ
მიმდინარე კვირაში, სტარტაპი Keepz "ლოიალურობის პროგრამას" გაუშვებს, - ამის შესახებ გადაცემა „"ბიზნესპარტნიორს" სტარტაპის სტრატეგიული გაყიდვების დირექტორმა, ქეთო თოფურიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, Keepz არის ახალი ფინტექ სტარტაპი, რომელიც ტრანზაქციების გამარტივებას უწყობს ხელს. სტარტაპის დახმარებით, QR კოდის საშუალებით, მომხმარებელს გამარტივებულად, დროის მოკლე მონაკვეთში გადარიცხვების განხორციელება შეუძლია, რაც თოფურიძის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.
"თბილისის მერიასთან მუშაობა აქტიურად დავიწყეთ, რის შემდეგაც თბილისის ტაქსის მძღოლებისთვის QR კოდების უფასოდ დარიგებას ვახორციელებთ, რომელიც დღემდე გრძელდება.
QR კოდზე მიმღების საბანკო ანგარიშს ვაბამთ. ანგარიშსწორების პროცესში, მომხმარებელმა QR კოდი უნდა დაასკანეროს, რის შემდეგაც ტრანზაქცია ძალიან მარტივად განხორციელდება და თანხა მიმღების ანგარიშზე მყისიერად აისახება,"-აცხადებს თოფურიძე.
როგორც Keepz-ის სტრატეგიული გაყიდვების დირექტორი აღნიშნავს, სტარტაპი ბაზარზე ორი თვეა რაც გამოჩნდა, თუმცა მისი სიახლის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მეტიც, მათდა დაუგეგმავად, ორ თვეში 2000-ზე მეტი დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ "ლოიალურობის პროგრამა" შექმნილიყო.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპი სულ მალე თანხის უკან დაბრუნების (CashBack) აქციას გეგმავს, რისი მეშვეობითაც, ვისა ბარათის გამოყენების შემთხვევაში, მიმღებს 0%-იანი საკომისიოთი შეეძლება ისარგებლოს.
სამომავლოდ კი, სტარტაპი რეგიონებში გასვლასაც გეგმავს, ამასთან პოტენციური მომხმარებლების დატრენინგებას.
ცნობისთვის, Keepz-ს ახალი ფინტექ სტარტაპია, რომელიც 2 თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და ტრანზაქციების გამარტივებას უწყობს ხელს.