ქართული სტარტაპი "პევატონი" უკრაინისა და გერმანიის ბაზარზე შესვლას გეგმავს
"პევატონი" უკრაინის და გერმანიის ბაზარზე შესვლას გეგმავს. ბრენდებისა და ბუტიკ შოპების დამაკავშირებელი ქართული სტარტაპი საქართველოს ბაზრის 70%-ის ათვისების შემდეგ მოლაპარაკებებს უკვე უცხოელ პარტნიორებთან აწარმოებს. b2b პლატფორმის ახალი სრულყოფილი ვერსია უახლოეს პერიოდში გაეშვება.
„პევატონი არის b2b ვებ-პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპულ ბრენდებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკ-შოპებთან. ჩვენი მიზანია ბუტიკებმა სწრაფად და ეფექტურად შეძლონ პროდუქციის სორსინგი და 3-ჯერ შეამცირონ გაუყიდავი პროდუქციის რაოდენობა. მეორე მხრივ, ვეხმარებით მცირე ზომის ბრენდებს გაყიდონ პროდუქცია ევროკავშირში", - განმარტავს "პევატონის" თანადამფუძნებელი ლევან ასანიძე "ბიზნესპარტნიორთან".
პლატფორმაზე მუშაობა კომპანიამ ოქტომბერში დაიწყო, სატესტო ვებაპლიკაცია კი ნოემბერში გაეშვა. მოგვიანებით "პევატონმა" GITA-ს სტარტაპ დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
"მარტიდან ივნისამდე ვმონაწილეობდით "იმპაქტ ჰაბ თბილისის" აქსელერატორში, რა დროსაც დავამყარეთ უამრავი საჭირო კონტაქტი, დავხვეწეთ ბაზარზე შესვლის სტრატეგია და უკეთ დავინახეთ პროდუქტის განვითარების გზები.
ასევე მაისის ბოლოს გავხდით გლობალური სტარტაპის ფონდის (რომელიც დაფუძნებულია BTU-ს ბაზაზე) ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპი და დავაინტერესეთ ებრაული სილიკონ ვადიდან ჩამოსული ვენჩურული ინვესტორები, რომლებთანაც განვიხილავთ თანამშრომლობის შესაძლებლობებს - მათ სურთ განახორციელონ ინვესტიცია ჩვენს სტარტაპში. ახლა ერთი მხრივ ვმუშაობთ სრული პლატფორმის გაშვებაზე, რომელიც ივნისის ბოლოსკენ წესით მზად იქნება. დამატებული გვექნება მრავალმხრივი ფუნქციონალი, რომელიც იქნება უფრო მარტივი, დაცული, ინტუიტიური.
პლატფორმაზე ასევე ჩაშენებული იქნება შეკვეთის მართვისა და ლოჯისტიკის ფუქნციონალი და ასევე გადახდების სხვადასხვა ფორმები. ამავდროულად აქტიურად დავიწყეთ ჩვენი სტრატეგიის განხორციელება, რომელიც მოიცავს ბრენდებთან თანამშრომლობას საქართველოსა და უკრაინაში. საქართველოს ბაზარი თითქმის სრულად ავითვისეთ - ვთანამშრომლობთ ბრენდების დაახლოებით 70%-თან, ხოლო უკრაინაში ბრენდების ძებნა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ და ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე გადავწყვიტეთ ბუტიკებისა და შოურუმების (მყიდველების) პოვნა არა მხოლოდ გერმანიაში, რომელიც ჩვენი სამიზნე ბაზარია, არამედ უკრაინაშიც, რადგან უკრაინა საკმაოდ დიდი ბაზარია და ევროკავშირისგან განსხვავებით, ბევრად მარტივადაა შესაძლებელი პროდუქციის მიწოდება რიგი მიზეზების გამო.
უკრაინის ბაზრის ათვისება დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო კარგად და სწრაფად დავინახოთ არსებული პრობლემები და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტათა ნაკრები პროდუქციის სორსინგისას/შეძენისას/მაღაზიაში განთავსებისას,“ - აცხადებს ლევან ასანიძე.