სტარტაპი
21/09/2022

ქართული სტარტაპები დეზინფორმაციის წინააღმდეგ: USAID-მა გამარჯვებულები გამოავლინა

ქართული სტარტაპები დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ იბრძოლებენ. მათ მხარდასაჭერად USAID-მა 127,500 დოლარის ინვესტიცია გამოყო. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციების შეჯიბრის ფარგლებში, რომელიც Zinc Network-ის და USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიმართა, სამი გამარჯვებული სტარტაპ კომპანია გამოვლინდა. გამარჯვებულები: Aidnet, Data analysis laboratory, Journalism resource center დეზინფორმაციის აღმოჩენისა და მასზე რეაგირებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებს შექმნიან.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ვიმყოფები ღონისძიებაზე, რომელიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ გზებს. მოგეხსენებათ, დეზინფორმაციის გავრცელება საფრთხეს უქმნის როგორც გლობალურად დემოკრატიის განვითარებას, ისე ცხადია, საქართველოშიც. ამიტომ, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ხელს ვუწყობთ დეზინფორმაციასთან ბრძოლას საქართველოში და თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აცხადებს ჯონ პენელი USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში.

ამავე თემაზე საუბრობს USAID-ის ინფორმაციის სანდოოების ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, რომელიც „ბიზნესპარტნიორთან“ გასული წლის გამოცდილებას იხსენებს. „უკვე ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, როდესაც შარშან,  საკამაოდ ინიოვაციური, აქამდე არარსებული ხელსაწყო, პროგრამა შეიქმნა საქართველოში, ეს მოწყობილობები უკვე მზად არის იმისთვის, რომ მკვლევარებს, ჟურნალისტებს დაეხმაროს საკუთარ საქმიანობაში“, - დასძინა მიხეილ ბენიძემ.

რაც შეეხება თავად გამარჯვებულ სტარტაპებს, ისინი მიღებული ინვესტიციის გამოყენებას, პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწასა და განვითარებაში აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსი გასულ წელს გაიმართა. როგორც კონკურსის ორგანიზატორები ამბობენ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის დემოკრატიზაციის და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების პროცესში.

წელს კონკურსში, გასულ წელთან შედარებით, 78%-ით მეტი განაცხადი შევიდა, ფინალში კი 7 კომპანია გავიდა.

Businesspartner