სტარტაპი
13/01/2022

ინოვაციური სტარტაპებისთვის ევროკავშირის დაფინანსებით ახალი საგრანტო პროგრამა იწყება

17 იანვრიდან საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა იწყება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ოზურგეთში ახალი ტექნოპარკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას  ინფორმაციით, ეს არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროექტი, რომელიც საქართველოს ოთხ რეგიონს შეეხება, მათ შორის ერთ-ერთი რეგიონი გურიაა.

„საუბარია ინოვაციურ სტარტაპებსა და ინოვაციურ იდეებზე - ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, დაწყებული მობილური აპლიკაციით, რომელიც სტუმრებს გურიის ღირშესანიშნაობებს გააცნობს, დამთავრებული საავიაციო ტექნოლოგიებით და მანქანათმშენებლობით, რომლის მოდელირებაც შეიძლება  ლაზერული მჭრელების და 3D პრინტერების მეშვეობით. ჩვენ მზად ვართ, ეს კონკურსი ჩავატაროთ, სადაც   გამოვლენილი საუკეთესო სტარტაპები დაფინანსდებიან 30 000 და 100 000-ლარიანი გრანტებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით,  საგრანტე პროგრამისთვის  ოზურგეთის ახალი ტექნოპარკის გამოყენებაც მოხდება, რათა პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველმა მიიღოს.

ახალი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.