Identomat-მა $3.2 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა – ქართულ-ამერიკული სტარტაპის გეგმები
Identomat-ი პირველი ქართულ-ამერიკული სტარტაპია, რომელმაც $3.2 მლნ-ის ინვესტიცია მოიპოვა seed რაუნდზე.
კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ლომიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ მთელი გუნდისთვის და კომპანიისთვის განვლილი გზა და ინვესტიციის მოზიდვის ფაქტი ამერიკული ვენჩორული ფონდისგან ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, საინვესტიციო ფონდებისგან ყურადღების მიქცევა, 2020 წელს TechCrunch-ის Pitches & Pitchers-ში მონაწილეობის მიღებით მოხერხდა, ამას მოჰყვა მსოფლიოში ყველაზე მსხვილ Fintech საგამოფენო-სავაჭრო შოუში - Money 20/20 USA-ში ჩართვა. ამასთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც დიდი როლი ითამაშა ინვესტორების მოზიდვაში იყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკრედიტო ბიუროსთან - Equifax-თან, სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება.
"მოპოვებული ინვესტიცია საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი არეალი, შევავსოთ ჩვენი პროდუქტების ეკოსისტემა ბიზნესის გაციფრულებისთვის საჭირო სხვა კომპონენტებით და დავიმატოთ საჭირო ტალანტი. კონკრეტულად, განვავითაროთ იდენტომატის გეოგრაფიული მოცვა ამერიკაში, ევროპაში, ცენტრალურ აზიაში და შევიდეთ ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ გუნდის გაზრდაზეც, რაც წარმატების წინაპირობაა და დაგვეხმარება კიდევ უფრო დავხვეწოთ იდენტომატის ფუნქციონალი"– აღნიშნავს, დავით ლომიაშვილი.
Identomat-ის 2022 წლის გეგმებშია გაფართოება ყველა იმ ინდუსტრიის და ორგანიზაციის წარმომადგენლებზე გასვლა, რომლებსაც ბიზნეს პროცესების ნებისმიერ ეტაპზე მომხმარებლის იდენტიფიკაცია სჭირდებათ," – ამბობს ზურაბ კოტარია, სტარტაპის დამფუძნებელი.
"ჩვენი მიზანია, რომ იდენტომატი გახდეს როგორც წამყვანი KYC (იცნობდე-შენს-კლიენტს) და იდენტობის ვერიფიკაციის პლატფორმა არა მარტო საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მასშტაბით. ვგეგმავთ, კერძოდ, ჩრდილოეთ ამერიკაში წლის ბოლომდე 50 ახალი კლიენტის შემატებას. ტექნიკურ გეგმებს რაც შეეხება, ახლა უკვე ვმუშაობთ ვერიფიკაციის უნიკალურ ნაკადზე (პროცესზე), რომლის დაპატენტებასაც ვფიქრობთ, რაც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია.
რა თქმა უნდა, გაფართოება ჩვენი გეგმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს. დღესდღეობით, "იდენტომატი" მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და ჩვენი რესურსის დიდ წილს ვდებთ ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში პოტენციური კლიენტების მოზიდვაში. ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნესებისთვის ოპერაციული ხარჯების შემცირება, თაღლითობის პრევენცია, რაც, თავის მხრივ, გაამარტივებს მომხმარებელთა გამოცდილებას და შეინარჩუნებს მათ პროცესის დასრულებამდე. ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ამ კუთხით ნაპრალია, რომლის შევსებაზეც სწორად Identomat-ი ზრუნავს," - ამბობს ზურაბ კოტარია.
რაც შეეხება გასულ წელს, Identomat–მა 2021 წელი ახალი პარტნიორების მოზიდვით დაიწყო.
როგორც რეზო იმნაძე "ბიზნესპარტნიორთან" ყვება, ერთ-ერთი პირველი იყო ალდაგი და Lazika Capital, შემდეგ წამოვიდა Imedi L, კროკობეთი, საქართველოს ბანკი, TBC დაზღვევა, Beeline, Space და ა.შ.
"მალევე გავხდით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი საკრედიტო ბიუროს - Equifax-ის, სტრატეგიული პარტნიორი და NXTSTAGE-ის ფინალისტი. ოქტომბერში კი მონაწილეობა მივიღეთ ყველაზე მასშტაბურ Fintech გამოფენაში - Money 20/20 USA-ში.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებამდე Identomat-ის სერვისებზე არ იყო დიდი მოთხოვნა. კოვიდ-19-ის გავრცელებამ კი ჩვენი ზრდა დააჩქარა, რამაც საგრძნობლად შეამცირა კომპანიებისთვის ციფრული ვერიფიკაციის სარგებლობის ახსნის საჭიროება - მთავარი კითხვა ბიზნესებისთვის იყო არა 'რისთვის გამოვიყენოთ' Identomat-ის ფუნქციონალები, არამედ "როგორ", –აღნიშნავს სტარტაპის თანადამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ Identomat-ი არის KYC & პიროვნების ვერიფიკაციის (და არამარტო) პლატფორმა, რომელიც ერგება ნებისმიერ ინდუსტრიას, სადაც საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაცია - ფინანსური სექტორი, ჯანდაცვა, სადაზღვევო, Online აზარტული თამაშები, ტელეკომუნიკაცია, ტურიზმი, ასაკობრივი შეზღუდვის მქონე მომსახურების გაყიდვა და ა.შ.
იდენტომატის მთავარი გამოყენების მიმართულებებია: სახელმწიფოს და სხვა უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ინფორმაციის ავტომატური წაკითხვა და მათი ვალიდურობის შემოწმება, საბუთის წარმომდგენისა და საბუთზე არსებული პირის შედარება, სიცოცხლიანობის (Liveness) შემოწმება, ასაკის ვერიფიცირება, დოკუმენტის ვადიანობის შემოწმება, მისამართის დადასტურება, ვინაობის გაყალბების მცდელობის აღკვეთა (anti-fraud), სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების სიების შემოწმება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციული ინსტრუმენტები (AML), სხვადასხვა რისკების შეფასება (scoring).
"ჩვენი სისტემა თავსებადია ყველა ოპერაციულ სისტემასთან და აპლიკაციასთან, და აღსანიშნავია ისიც რომ შესაძლებელია იდენტომატის დეცენტრალიზებული ჩაშვება და ინტეგრაციის გარეშე (no-code) გამოყენება. ვცდილობთ, მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის ისეთი ფუნქციონალის შეთავაზებას, რომელიც გაზრდის ნდობას და გაამარტივებს ვერიფიცირების პროცედურებს . იდენტომატის მოდულური არქიტექტურის საფუძველზე, შესაძლებელია ვერიფიცირების პროცედურების გამარტივება და მომხმარებლის მხრიდან - ნდობის გაზრდა", – აცხადებენ კომპანიაში.