სტარტაპი
13/06/2023

Happykids-ი სომეხ პარტნიორებთან თანამშრომლობას გეგმავს

Happykids ქართული სტარტაპია, რომელიც ვებ-პლატფორმის სახით უკვე 9 თვეა ბაზარზეა.

საბავშვო ნივთების ონლაინ პლატფორმა  მომხმარებელს ერთ სივრცეში კომფორტულად შოპინგის შესაძლებლობას აძლევს, მწარმოებელს კი გაყიდვების არხს შეუზღუდავი არეალით.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, მისი შექმნის იდეა და მთავარი ჩანაფიქრი იყო ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეწარმეებმა თავიანთი ბაზარი მინიმუმ 10-ჯერ გააფართოონ. 

"ჩვენი პროექტი გათვლილია ყველა ქვეყანაზე, გარდა რუსეთის, ბელორუსიის და ბალტიისპირეთის ქვეყენების ბაზრებსა. Happykids-ი ვებ-პლატფორმის სახით არის წარმოდგენილი, უკვე ფუნქციონირებს და გაყიდვებიც გვაქვს. ამ ეტაპზე 70 ქართველი მეწარმე გვყავს, ასევე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სომეხ მეწარმეებთან, რომლებთანაც მალე ვგეგმავთ პარტნიორობას,"-აღნიშნავს ნუცა გიგინეიშვილი. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მშობელთან მივიდეს ისეთი ნივთი, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოა. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს არ ეძლევა უფლება პლატფორმაზე განათავსოს ნივთი, მათი მხრიდან შემოწმების გარეშე. 

"რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, თანხას ვიღებთ მეწარმის მხრიდან, რაც 15% საკომისიოთი განისაზღვრება. ახლახანს მივიღეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი გრანტი, რითაც ვგეგმავთ ავაწყოთ ე.წ. მერჩანტის ფორმა, რომლის საშუალებითაც მეწარმეები პროდუქტს თვითონ ატვირთავენ პლატფორმაზე და ჩვენ მხოლოდ ნივთის შემოწმება დაგვჭირდება. შესაბამისად, პროცესი გამარტივდება და დაჩქარდება. ასევე მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება მარკეტინგს და სომხეთის ბაზრის მოკვლევას. 

დაახლოებით 9 თვეა, რაც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. GITA-ს გრანტი ჩვენთვის პირველი ინვესტიციაა. სტარტაპი თანადამფუძნებლების ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა."-ამბობს ნუცა გიგინეიშვილი.