სტარტაპი
02/04/2021

Goalcatcher-ის შეძენა Etsy.com-ზეც შესაძლებელია – კომპანია ახალი ბაზრების ათვისებას იწყებს

Goalcatcher-ის ბლოკნოტის შეძენა, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავის მენტორინგში და ქოუჩინგში ეხმარება, ახლა უკვე გლობალურ პლატფორმაზე, Etsy.com-ზეც შესაძლებელია.

ამერიკული ელექტრონული კომერციის ვებ–გვერდი ორიენტირებულია ორიგინალიურ ნივთებზე, ხელნაკეთ ნამუშევრებზე, ასევე ხელოვნების ნიმუშებზე, დეკორზე, ტანსაცმელზე და ა.შ.

კომპანიის დამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ Goalcatcher-ი ახალი ბაზრების ათვისებას იწყებს. 

"Goalcatcher-ი თავის თავში მოიცავს ქოუჩინგ მეთოდებს, წლის, თვის და კვირის გეგმას. ის კითხვები, რომელიც მასშია თავმოყრილი მომხმარებელს ეხმარება გაერკვნენ, თუ როგორ უნდა იპოვონ ბალანსი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო, დაუსვან თავს კითხვა: რა ხდის მათ ბედნიერს? ამის შემდეგ, ისინი აყალიბებენ როგორც პირად, ასევე პროფესიულ გეგმებს და წერენ მთელი წლის ხედვას.

ბლოკნოტი ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მყიდველისთვის, მისი ფასი 20-30 ლარამდე მერყეობს. კორპორატიული შეკვეთისას ბლოკნოტის ღირებულება იკლებს ან იმატებს. ამ ეტაპზე, ბლოკნოტი არის ინგლისურ და ქართულ ენაზე. პროდუქციაზე მოთხოვნა შეიძლება ითქვას რომ სეზონურია, იზრდება ახალი წლის პერიოდში, რადგან სწორედ ამ დროს იწყებენ ადამიანები ახალი მიზნების დასახვას. ჩვენი მომხმარებლები არიან, როგორც ახალგაზრდები, კომპანიები, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები, ასევე ხშირად სტარტაპერები, რადგან სპეციალური ხაზი გვაქვს მათთვის.“– აღნიშნავს თეონა დალაქიშვილი.

როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტის გაყიდვების სტიმულირებისა და პოპულარობის გაზრდის მიზნით, ბლოკნოტს ხშირად იყენებენ სხვადასხვა საქმიანობაში, ეს ძირითადად არის მენტორინგის პროგრამების შეთავაზება კომპანიებისთვის, საიდანაც ტრენინგის მონაწილეები იგებენ პროდუქტის შესახებ. ასევე კომპანია ციფრულ არხებს, როგორიცაა მაისტარტაპი, ვენდუ, ანტრეპრენერ შოპი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ Goalcatcher-ის სამომავლო გეგმაშია, კასპში, ტექნოპარკთან ახლოს სათემო საგანმანათლებლო ცენტრ „კომლის“ აშენება, რომელიც მსგავსი ტიპის პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ ტრენინგ პროგრამებს თბილისის გარეთ უმასპინძლებს. ცენტრი ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო შესაძლებლობას შექმნის. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 150 000 ლარია.

 

 

Businesspartner