სტარტაპი
15/02/2023

GITA-ს, რაგბის კავშირსა და სტარტაპ ნეიროპილოტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რაგბის კავშირსა და სტარტაპ "ნეიროპილოტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და ნეიროპილოტის დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილმა მოაწერეს.

ნეიროპილოტი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით მისი ინოვაციური მეთოდი ფსიქოლოგიური მოკლე სესიების საშუალებით, სპორტსმენებს უხსნის დაძაბულობას, ტრავმის და პოსტ-ტრავმულ შიშებს, ამცირებს მომატებულ შფოთვას, უმაღლებს მოტივაციას, თავდაჯერებასა და სპორტულ მზაობას. ინოვაციურმა მეთოდმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლების გზით სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა მკაფიოდ დაადასტურა.

რაგბი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია, რომელიც ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს მოთამაშეთა კეთილდღეობისათვის, შესაბამისად ქართული რაგბისა და GITA-ს თანამშრომლობა ბუნებრივი და საქმიანი ინიციატივაა. რაგბის კავშირისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციებზე დაფუძნებული ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ამ პრაქტიკას მომავალშიც განაგრძობს. რაგბი ერთადერთი გუნდური სპორტია საქართველოში, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებას აღწევს, შესაბამისად ჰყავს ფართო, გლობალური აუდიტორია და მზად არის ქართულ კომპანიებთან თანამშრომლოიბისთვის, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებთან, რაც ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია.