სტარტაპი
18/01/2022

GITA რეგიონებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს.

ახალ საგრანტო პროგრამებს სააგენტო „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით აცხადებს. გრანტები საპილოტე რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში განხორციელდება.

პროექტის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

  • მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.
  • ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსდება:

  • კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა;
  • ინოვაციური წარმოების მეთოდების შეძენა (მანქანა-დანადგარები);
  • ბიზნესის განვითარება, ინტელექტუალური საკუთრების განაცხადები და საზღაურები, კვლევითი და საცდელი მომსახურებები და ქვეკონტრაქტები, შემუშავებული ინოვაციების ტესტირება და გამოცდა, ბიზნეს გეგმის მომზადება შემდგომი კაპიტალის მობილიზებისათვის, კომერციალიზაცია, და სხვა.

საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება შესაძლებელია 17 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით პორტალზე grants.gov.ge. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე და შეავსოს ყველა საჭირო ველი, კონკურსის ვადის დასრულებამდე.

Businesspartner