GITA-მ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. სასიხარულო ფაქტია, რომ ქართული სტარტაპები განაგრძობენ განვითარებასა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურ ბაზარზე.
ქართული სტრატაპების წარმატებასა და განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებს ფინანსური ინდიკატორები. ჯიტას მიერ დაფინანსებული სტარტაპების შემოსავლები 120 მილიონ ლარს აღწევს, როდესაც მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა 32 მილიონი ლარია. განსაკუთრებით გასახარია, რომ ეს შემოსავლები მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა და მომსახურების რეალიზაციით და ამ 120 მილიონში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციები.
პრეზენტაციაზე ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე- კერძო ინვესტორების ჩართულობასა და ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე. ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპ ეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე მეტყველებს.
ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები გამოჰყო და დააჯილდოვა:
- „გმირი პროექტი“ და მისი შემქმნელები - 3D გრაფიკოსი ივანე ნაზღაიძე და ნეიროქირურგი გიორგი გეგია. სწორედ ამ ორი ადამიანის თანამშრომლობით სიცოცხლის მეორე შანსი მიეცა 5 წლის ბავშვს, რომელსაც ჰიდროცეფალიის უიშვიათესი შემთხვევა ჰქონდა. ჯიტას ფაბლაბში 3D პრინტერზე დაიბეჭდა თავისქალის მოდელი, რომელზეც ჩატარდა სატესტო ოპერაცია და შედეგიც სახეზეა, ბავშვი განაგრძობს ცხოვრებას, გადის რეაბილიტაციას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- საერთაშორისო აღიარება - ჯიტას მიერ 2021 წელს დაფინანსებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებ პლატფორმა Theneo, რომელმაც შეძლო, მსოფლიოს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე „ვებ სამიტზე“ ჩემპიონი სტარტაპი გამხდარიყო და ღირსეულად წარმოეჩინა ქართული სტარტაპ ეკოსისტემა.
- პირველი გლობალური „ექსითი“ - PulsarAI- პირველი ქართული სტარტაპი, რომელიც ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar-მა იყიდა. PulsarAI-მ შეძლო ნიუ- იორკული კომპანიის დაინტერესება და გლობალურ დონეზე წარმატებული „ექსითი“ -ს განხორციელება.
- ინვესტორი- ნომინაციის გამარჯვებული კალათბურთის ვარსკვლავი ზაზა ფაჩულიაა, რომელიც მუდმივად ეხმარება ქართულ სტარტაპებს.