სტარტაპი
15/12/2022

გემრიელი დეკორაციები – როგორია სტარტაპი Glow–ს გეგმები

დღეს არსებული უამრავი პატარა ბიზნესისა თუ სტარტაპის მსგავსად კომპანია Glow-ც პანდემიის დროს შეიქმნა, როდესაც ნანუკა ქობულაძემ შეზღუდვების გამო გაჩენილი თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება გადაწყვიტა და სანთლის დამზადებით დაინტერესდა.

"დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვსწავლობდი ამ მიმართულებას. ამ ეტაპზე, სურნელოვან დეკორატიულ სანთლებს ვაწარმოებ, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ტკბილეულს, შეიძლება ერთი შეხედვით საკონდიტრო ნაწეარმისგან ვერც გაარჩიოთ. ნედლეული ნაწილობრივ ადგილობრივია, რადგან ზოგჯერ გვიწევს სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა.

ჩვენი პროდუქცია გათვლილია ყველა ადამიანზე, ვისაც სურნელვანი სანთლები უყვარს, ასევე  დიდ კომპანიებზე. წინა წლებთან  შედარებით, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა და დაინტერესება. ვფიქრობ ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ბაზრისთვის მსგავსი დეკორატიული სურნელოვანი სანთლები უცნობი იყო, დღეს კი კონკურენციაც საკმაოდ დიდია."–აცხადებს ნანუკა ქობულაძე.

Glow–ს პროდუქციის რეალიზაცია ჯერ მხოლოდ აგილობრივ ბაზარზე, ონლაინ გაყიდვების არხების საშუალებით, ასევე გამოფენებზე მონაწილეობით ხდება. სანთლის ფასები 15 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს.

"პროცესში 3 ადამიანი ვართ ჩართული, თუმცა თავიდან მარტო დავიწყე ამ ყველაფრის კეთება და უკვე შეკვეთების ზრდასთან ერთად ჩემი ოჯახის სხვა წევრების ჩართულობაც აუცილებელი გახდა. სამომავლოდ წარმოების გაზრდასთან ერთად დამოუკიდებელი სახელოსნოს გაკეთება გვინდა, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად ვიმუშავებთ.                 

გვაქვს რამდენიმე იდეა, რომელსაც ძალიან მალე შევთავაზებთ ქართულ კომპანიებს, თუმცა ნებისმიერ დროს დაინტერესებული ადამიანებისთვის ყოველთვის ღია ვართ. ახალი მიმართულელბების დამატებასაც განვიხილავთ, რადგან ვთვლით რომ მუდმივი განვითარება და სიახლეები ჩვენი საქმიანობისთვის აუცილებელია."–ამბობს Glow–ს დამფუძნებელი.