სტარტაპი
12/09/2022

"ევროპის ინოვაციების აკადემიის" ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი დასრულდა

5-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” საქართველოში, ბათუმში ჩატარდა. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობას წელს ასმა სტუდენტმა მიიღო.

სტუდენტები 11 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქართველი სტუდენტები თბილისიდან და რეგიონებიდან. საერთაშორისო სტუდენტები კი შემდეგი ქვეყნებიდან შემოუერთდნენ პროგრამას: ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ინდოეთი, ნიგერია და პაკისტანი.

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. 2022 წლის სექტემბერში, პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდა.

სასწავლო პროგრამას უძღვებოდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

“მენტორების და ინსტრუქტორების მთელი გუნდი მოხარულია, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ბათუმში შევხვდით მომავალ ლიდერებს და ანტრეპრენერებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ეს იყო ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების კვირა სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებში, სტუდენტებმა განივითარეს მეწარმეობის და ლიდერობის უნარ-ჩვევები, რომელსაც მომავალში საკუთარი ანტრეპრენორული კარიერის განვითარებისთვის გამოიყენებენ” - აცხადებს ბერკლის სამეწარმეო ცენტრის დირექტორი, კენ სინგერი.


ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 2013 წლის შემდეგ, როდესაც განხორციელდა პირველი პროგრამა, EIA-მ შეძლო განათლება მიეცა ოთხმოცდახუთი ქვეყნიდან წარმოდგენილი 17,000 სტუდენტისთვის. EIA-ს პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსის, სტრუქტურის, მიდგომის და მეწარმეობის დარგის სწავლების მხრივ. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ის და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით. 2018 წელს, გაზეთმა „Financial Times“-მა (ლონდონი) EIA შეიყვანა ევროპის 100 ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული პიონერების სიაში.

აღნიშნული პროგრამის ჩატარება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული და 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა სამასი (300) სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი ეგრეთ წოდებული „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული კაპიტალისტები სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს გაზარდოს სტუდენტების რიცხვი ხუთასამდე (500).

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.