George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
ღვინის კომპანიამ George Grey Winery ცისფერი ღვინო "კესანეს" წარმოება პანდემიის პერიოდში, მიმდინარე წელს დაიწყო.
ბიზნესისთვის რთული პერიოდის მიუხედავად George Grey-ს მეღვინეობამ, თეთრი და შავი ყურძნის კომბინაციით ცისფერი ღვინო „კესანე“ მიიღო, რომლითაც ქართული ბაზრის შემდეგ იაპონელები დაინტერესდნენ.
George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ „კესანეს“ პირველი პარტია იაპონიაში უკვე გაგზავნილია, გაყიდვები კი უახლოეს მომავალში დაიწყება.
„კესანეს“ წარმოების იდეა George Grey Winery-ს ერთ-ერთ პარტნიორს - თათა საურს ეკუთვნის.
რაც შეეხება, თავად ბრენდს, “კესანე“ ცნობილი ყვავილია, რომელიც სხვადასხვა ენაზე ითარგმნება როგორც „არ დამივიწყო“, გარდა ამისა, ყვავილს ცისფერი შეფერილობა აქვს, პატარა და ნაზია, ეს მახასიათებლები კი ყველაზე ნაზ ცისფერ ღვინო - „კესანეს“ ძალიან უხდება.
„ამ პროდუქტზე დაახლოებით 1 წელზე მეტი ვმუშაობდით. ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი მეღვინეები, მეღვინე ქიმიკოსები, ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები, შედეგად, მივიღეთ უნიკალური ღვინო, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამორჩეულია.
„კესანე“ არის ტკბილი ღვინო, ალკოჰოლის 16%-იანი შემცველობით, ის შემაგრებული ალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში გადის. მოლოდინი გვქონდა, რომ ბაზარს კარგად არ მიეღო და გვეშინოდა. ზოგადად, სიახლეებს ადამიანები მარტივად არ ხვდებიან და ხანდახან უსაფუძვლოდ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებენ ხოლმე. მსგავსი ტიპის მოლოდინი გვქონდა. კრიტიკა იყო, ქარ-ცეცხლი - არა. ვინც გასინჯა ყველასგან მოწონება დავიმსახურეთ. „კესანეს“ ადამიანი პირველ რიგში ინტერესის გამო სინჯავს, ხშირად განმეორებითი ყიდულობენ, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ღვინო მოეწონათ, შეუყვარდათ,“ - აცხადებს რუხაძე.
მისი ინფორმაცით, ცისფერი ღვინო „კესანეს“ გასაყიდი ფასი 50 ლარამდეა.
რუხაძე აცხადებს, რომ "კესანეს" ძირითადად, ახალგაზრდა ასაკის მომხმარებელი ჰყავს. შემდეგ მოდის ის კატეგორია, ვისაც სიახლეების არ ეშინია და უპირატესობას ტკბილ ღვინოს ანიჭებს.
„კესანეს“ და George Grey Winery-ს სხვა ღვინის სახეობების პროდუქტების შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ 8000 მოსავალში, ალკორიუმში, თბილელის ქარვასლაში, ალკოჰოლური სასმელების ბუტიკ-მაღაზია “შალიაურში“, მეიდან ბაზარში და სხვადასხვა რესტორანსა და სასტუმროში. პროდუქტის შეძენა ონლაინაც შესაძლებელია.
George Grey Winery-ი ოჯახური მეღვინეობის ბაზაზე შეიქმნა და ღვინის ინდუსტრიაში 2018 წლიდან არის წარმოდგენილო. კომპანიას ვენახები აქვს ქართლში, იმერეთსა და კახეთში, ჯამში 2 ჰა ტერიტორიაზე.
George Grey Winery-ის ბიზნესი ორ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, ერთი მიმართულება ტრადიციული მეღვინეობაა, რომლის ფარგლებშიც პრემიუმ კლასის ქართული ტრადიციული ღვინოების, მათ შორის საფერავის, ქინძმარაულის, ქვევრის რქაწითელის, ქვევრის ქისის წარმოება ხდება, მეორე მიმართულება კი ეთმობა თანამედროვე ბრენდ „კესანეს“, რომელიც George Grey Winery-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება.
ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.