სტარტაპი
18/05/2022

დრონები სოფლის მეურნეობაში – როგორია სტარტაპის "ჭკვიანი სოფლის მეურნეობა" გეგმები

თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში - პროექტი "ჭკვიანი სოფლის მეურნეობა" აგროსექტორში დრონების დანერგვას ისახავს მიზნად.

სტარტაპის დამფუძნებელი ნიკოლოზ მესხი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ფერმერების საქმიანობას და ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.

"ჩვენი სტარტაპი დრონებით მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას და ფერმერებისთვის აგროდრონებით მომსახურების გაწევას გულისხმობს. კონკრეტულად კი აგროდრონს შეუძლია დაამუშაოს, როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურები, ხილის, ნუშის, ბაღები, სიმინდი, ხორბალი, საზამთრო და სხვა. რაც შეეხება სხვაობას სტანდარტულ მექანიზაციასთან შედარებით, ტრაქტორის შემთხვევაში წამალი თუ იხსნება 300 ლიტრში, აგრო დრონის შემთხვევაში მოცულობა 30 ლიტრამდეა შემცირებული, რაც წყლის რესურსსაც ზოგავს და ხდება წამლის ზუსტი დოზირება, ამასთან შეწამვლის დრო ბევრად მცირდება. რაც მთავრია, დრონი არ აზიანებს ნარგავებს, ტრაქტორი კი სიმინდის შემთხვევაში 4–10%–მდე მოსავალს ანადგურებს. აგროდრონის საშაულებით შესაძლებელია დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ერთწლოვანი კულტურების დამუშავება. 

უკვე შევიძინეთ შესაბამისი ტექნიკა და მაღალი გამავლობის მანქანები საჭირო ინვენტარის გადასაადგილებლად. პროექტის ფარგლებში დავაარსეთ კომპანია "აგრომეტა", შევქმენით WEB პლატფორმა და FB გვერდი, შესაბამისად ჩვენთან დაკავშირება ნებისმიერ ფერმერს ძალიან მარტივად შეუძლია."–აღნიშნავს, ნიკოლოზ მესხი.

სტარტაპმა ახლახანს Gita-ს 100 000 ლარიანი გრანტი მოპოვა, რაც DJI Agras T30 და DJI Phantom 4 Multispectral დრონების, ასევე საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ სტარტაპის იდეა საკუთარი დრონის პროტოტიპის შექმნით დაიწყო, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და ფინანსური რესურსი, ამიტომ ჯერჯერობით დრონების წარმოება სამომავლო გეგმად დარჩა.

საწყის ეტაპზე, პროექტი კახეთსა და თბილისის შემოგარენს მოიცავს, თუმცა სტარტაპის გეგმებშია ყველა სტრატეგიული ადგილის ათვისება. 

"უკვე გვყავს მომხმარებლები, მათ შორის ისეთი ძლიერი ფერმერები, რომლებსაც საკუთარი ტექნიკა ყავთ, თუმცა ჩვენს მომსახურებას ამჯობინებენ. რაც შეეხება სერვისის ღირებულებას, სტანდარტულთან მიახლოებული იქნება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება საკმაოდ გაიზარდა, თავიდან 65 000 ლარის ინვესტიცია იყო ჩადებული, აქედან  ნახევარზე მეტი იყო ჩვენი თანამონაწილეობით. ამას დაემატა Gita-ს 100 000 ლარიანი გრატი და ჩვენი 150 000 ათასის კერძო ინვესტიცია. გვყავს გერმანელი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ჩვენი პროექტით, თუმცა დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებ."–ამბობს, სტარტაპის დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner