სტარტაპი
21/04/2021

Crossroads-ი - საქართველოს საერთაშორისო ინვესტორები, კომპანიები და სტარტაპერები ეწვევიან

სექტემბერში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტარტაპერები, ინვესტორები, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები და გამოცდილი მეწარმეები ეწვევიან.

მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასთან ერთად, სტარტაპერებისა და დამოუკიდებელი მეწარმეებისათვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაც იქნება.

ორგანიზატორთა განცხადებით, Crossroads-ი იქნება ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ღია ღონისძიება მათთვის, ვინც ახლა იწყებს თავის საქმეს და მათთვისაც, ვინც წარმატებული გზა უკვე გაიარა და ახლა ცოდნის გაზიარებას შეძლებს.

"Crossroads-ის მიზანია სტარტაპების განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობა როგორც საქართველოში, ასევე რეგიონსა და საერთაშორისო მასშტაბით. დღესდღეობით, ეკოსისტემაში, სადაც სტარტაპების 97% წარმატებას ვერ აღწევს, ჩვენი მიზანი, სწორედ ამ მაჩვენებლის შეცვლაა. ამისათვის ყველაზე ეფექტური გზა არის ცოდნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, იპოვონ პლატფორმა, სადაც შეძლებენ ახალი კავშირების დამყარებას, დამატებითი უნარების შეძენას, გამოცდილების გაზიარებას, განვითარებასა და ზრდას,” - განაცხადა The Crossroad პლატფორმის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ კობახიძემ.

საერთაშორისო ღონისძიება შერეული ფორმატით წელს საქართველოში პირველად ჩატარდება, შემდეგ წლებში კი მას რეგიონის, ცენტრალურ აზიის ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე სხვა ქვეყანა უმასპლინძლებს.

დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქმიანი ტურიზმის წახალისების პოტენციალსა და ქვეყნის ეკონომიკაზე მის სასარგებლო გავლენაზეც აღინიშნა.

Crossroads-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა და მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენციის თანადამფუძნებელმა ლინდა პერეირამ განაცხადა, რომ Crossroads-ს აქვს ამბიცია იყოს განვითარებისა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

„ჩვენი პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სრულ მზადყოფნას აცხადებენ ამ ინიციატივის მხარდასაჭერად. Crossroads აქვს ამბიცია იყოს განვითარებისა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი მიზანია, თითოეული სექტორიდან სტარტაპების, მეწარმეების, აღმასრულებელი დირექტორების, ინვესტორების, მთავრობებისა და გლობალური ლიდერების გაერთიანება ერთმანეთის, რეგიონისა და მომავლის საერთო ხედვის მხარდასაჭერად“ - განაცხადა პერეირამ.

Businesspartner