Citypay.io: კრიპტოვალუტაში მოზიდული ინვესტიცია რეგიონალურ ბაზარზე გასვლაში დაგვეხმარება
CityPay.io პირველი ქართული სტარტაპია, რომელმაც $500 000 ინვესტიცია კრიპტოვალუტით მიიღო.
სტარტაპის დამფუძნებელი ბექა ქემერტელიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ საინვესტიციო რაუნდი ბოლო ორი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და მოლაპარაკებები ქონდათ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან.
"ინვესტიციის კრიპტოვალუტაში აღება ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი მოვლენაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მიღებული ინვესტიცია ლოკალური ბაზრიდან რეგიონალურ ბაზარზე ფართო მასშტაბებით გასვლის შესაძლებლობებს მოგვცემს, მეორე ის, რომ ჩვენი მიზანია, კრიპტოვალუტა პრიორიტეტულ გადახდის საშუალებად ვაქციოთ, ამის ყველაზე მასშტაბური პრეცედენტი კი ჩვენთვითონვე განვახორციელეთ.
საინვესტიციო შემოთავაზებები გვქონდა, როგორც ქართველი და უცხოელი ენჯელ ინვესტორებისგან, ასევე რამოდენიმე VC ფონდისგან. საბოლოოდ ენჯელ ინვესტორთან შედგა მოლაპარაკება, რომელიც სრულად იზიარებს ჩვენს სამომავლო გეგმებს და ჩვენნაირად ხედავს კრიპტოვალუტის მნიშვნელობას."–აღნიშნავს ბექა ქემერტელიძე.
მისივე თქმით, მიღებული ინვესტიციით კომპანია გუნდის ახალი წევრებით და პროდუქტების ახალი ფუნქციონალით გაძლიერდება.
"რეგიონალურ ბაზარზე გასვლა უკვე დაწყებული გვქონდა, ინვესტიცია კი პროცესს დააჩქარებს“ –აცხადებს Citypay.io-ს დამფუძნებელი.
ამ ეტაპისთვის სტარტაპის მიერ ჯამურად მოზიდული კაპიტალი უკვე 700 000$-ზე მეტს შეადგენს, მათ შორის არის GITA, Startup Yard, კერძო ინვესტიციები და ენჯელ ინვესტორი.
შეგახსენებთ, რომ CityPay.io კრიპტო გადახდის პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადახდები მიიღონ სასურველ ვალუტაში კონვერტაციით.