Brokerapp: ჩვენი მიზანია, რომ 5 წელში გლობალური სტარტაპი გავხდეთ
Brokerapp ქართული სტარტაპია, რომლის მიზანიც მულტიფუნქციური, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული ციფრული სადაზღვევო ბროკერის შექმნაა.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ჩაჩუა განმარტავს, Brokerapp ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის დაზღვევის შეძენას ამარტივებს, მათ შეუძლიათ ერთ სივრცეში მართონ პოლისები, ამასთან ძალიან კარგი საშუალებაა სადაზღვევო კომპანიებისთვის აითვისონ ახალი ბაზრები და მარტივად გაყიდონ თავიანთი პროდუქტები, ასევე აკონტროლონ და მართონ ფულადი ნაკადები.
"ჩვენი სტარტაპის ინოვაციურობა დღეს არსებული ბროკერების საქმიანობის გაციფრულებაა. Brokerapp-ს ექნება როგორც WEB ვერსია, ასევე მობაილ აპლიკაცია. ამ ეტაპზე, შექმნილია პროტოტიპი, ხოლო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში მოგებული 150 000 ლარი სრულყოფილი დეველოპმენტისთვის და მარკეტინგული ხარჯებისთვის მივმართეთ. პროდუქტის ბაზარზე გაშვებისთვის დაგვჭირდება 6 თვე, რადგან საკმაოდ დიდი პროცესია და არ გულიხმობს მხოლოდ დეველოპმენტს, არამედ ჩვენს სისტემაში ჩართულ ყველა სადაზღვეო კომპანიასთან თანამშრომლობას და პლატფორმაზე თითოეული მათგანის კაბინეტის აწყობას.
ჩვენი ოპერირების არეალი მხოლოდ საქართველო არ იქნება, ვალიდაციის შემდგომ 2024 დან გავალთ რეგიონალ ბაზრებზე. გვაქვს მოლაპარაკებებიც, მათ შორის ევროპის ერთ–ერთ ქვეყანასთან. ჩვენი მიზანია, რომ 5 წლის შემდეგ გლობალური სტარტაპი გავხდეთ," –აღნიშნავს გიორგი ჩაჩუა.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ფიზიკური პირებისთვის. გაეშვება რამდენიმე პროდუქტი, სამოგზაურო და ავტო დაზღვევა, ხოლო ეტაპობრივად დაემატება საცალო სხვადასხვა პროდუქტიც.
"Brokerapp–ის ამოქმედებიდან 3 თვის თავზე ჩვენ შევძლებთ კორპორატიული კლიენტების მომსახურებასაც. პროექტში აქამდე განხორციელებული ინვესტიცია 20 000 ლარია, აქედან 15 ათასი გრანტის სახით GITA-სგან მივიღეთ, რასაც დაემატა ახლახან 150 000 ლარი და მასტერქარდის ოფიციალური პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ყველა ციფრული სტარტაპისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.
რაც შეეხება ბიზნეს მოდელს, მომსახურების საკომისიოს სადაზღვევო კომპანიების გაყიდვებიდან მივიღებთ. ხოლო ფიზიკური პირები თავისუფალი არიან გადასახადისგან, რადგან ისინი მხოლოდ სადაზღვევო პრემიას იხდიან."–აცხადებს გიორგი ჩაჩუა.