autoElement: აზერბაიჯანში უკვე 5000-მდე მომხმარებელი და 400-ზე მეტი მაღაზია ავითვისეთ
"პირველი არხის" "შარქ თენქ საქართველოში" გამოჩენიდან ერთი კვირის განმავლობაში აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი გაორმაგდა, – აცხადებს სტარტაპი autoElement–ის დამფუძნებელი, მურად ბართიშვილი, რომელმაც 30%–იანი წილის სანაცვლოდ, მოთხოვნილ ₾230 000-ის ინვესტიციაზე სამი შარქის დათანხმება შეძლო.
მურად ბართიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ამ ეტაპზე, autoElement საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგს აწარმოებს, სადაც 5000-მდე მომხმარებელი და 400-ზე მეტი მაღაზია აითვისეს და უკვე მიიღეს გადახდებიც, რაც ცალსახად კარგი პრეცენდენტია სტარტაპისთვის.
“Shark Tank Georgia-ში წარმატება კიდევ ერთი დასტურია ჩვენი სტარტაპისთვის, რომ ნამდვილად სწორი იდეაა და რეალურ პრობლემას აგვარებს, რომლის წინაშეც მილიონობით ავტომფლობელი დგას. მოპოვებულ ინვესტიციას ორი მიმართულებით ავითვისებთ: დაახლოებით 30% დეველოპმენტის მიმართულებით დაიხარჯება, ხოლო დარჩენილი 70% მარკეტინგს და გაყიდვებს მოხმარდება.
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მარტივად და ეფექტურად გადავჭრათ ჩვენი მომხმარებლის პრობლემები და უახლოეს 3 წელიწადში მოვახდინოთ პროექტის მასშტაბირება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში," – აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აპლიკაციას თითქმის 70 ათასი ავტომფლობელი და 2000-ზე მეტი მაღაზია იყენებს. autoElement ამჟამად 6 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და რუსეთი.
შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.