500 Global-ის, საქართველოს ბანკის და GITA-ს თანამშრომლობით, აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო
საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა ვენჩურულმა საინვესტიციო კომპანია 500 Global-მა საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადი დაიწყო.
12 კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟიურიმ 5 ქვეყნის 10 სტარტაპი შეარჩია. რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილე სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად იმუშაონ საკუთარი ბიზნესის განვითარების, ზრდისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიებზე. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ მდგრად ზრდას და როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას. 500 Georgia-ში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გახდნენ 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები.
აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს ფარგლებში, 55-მა ქართულმა და უცხოურმა სტარტაპმა გაიარა ინტენსიური გადამზადების პროგრამა მსოფლიო დონის მენტორებთან ერთად. პროგრამა წელიწადში ორჯერ ტარდება, მისდამი ინტერესი კი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება.
„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეგიონში საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში 500 Georgia უკვე მეხუთედ იმართება. სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, მიიღონ ინფორმაცია მათი განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე, გაიზიარონ საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, შეიმუშაონ სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მათ, ადგილი დაიმკვიდრონ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. 500 Georgia-სადმი ყოველწლიურად მზარდი ინტერესი კი გვანახებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული და მარკეტინგის მიმართულებების ხელმძღვანელი ლევან გომშიაშვილი.
პროგრამაში მონაწილე კომპანიების შესახებ:
Awork – ეს არის სტარტაპი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. რაც აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.
Beep - ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.
GoDays – GoDays არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სერვისი, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს ეფექტურად მოახდინონ დროის მენეჯმენტი, მარტივად გაუმკლავდნენ დიდი რაოდენობით შესასრულებელ ამოცანებს და აღმოაჩინონ გუნდში ლიდერული თვისების მქონე წევრები.
HopShop – პლატფორმა ინფლუენსერებს საკუთარი მოდის კონტენტის მონეტიზაციაში ეხმარება იმით, რომ შესაძლებლობას აძლევს გამომწერებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ვიზუალური ძებნის ფუნქციით აპლიკაციაშვე შეიძინონ სასურველი ნივთი.
My AI – My AI-ს პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, შექმნან მდგრადი და დეცენტრალიზებული ბრენდებს შორის ლოიალური ეკოსისტემა.
OHMYSYNT - ეხმარება ბრენდებს შექმნან, ბრენდზე მორგებული, პერსონალიზებული და კომერციულად უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის კონტენტი.
Perkskit - ეს არის SaaS-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს, მოახდინონ თანამშრომლების ბენეფიტების მენეჯმენტი და გააუმჯობესონ თანამშრომლების მხრიდან კომპანიისადმი ლოიალურობის ხარისხი.
Porte - ეს არის ციფრული სასტუმროს კონსიერჟის ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება სასტუმროებს, გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და გაზარდონ შემოსავალი.
Stori - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, არა მხოლოდ შექმნან, არამედ სხვადასხვა არხებში განათავსონ საკუთარი კონტენტი.
UniSub - პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერებს, მიიღონ გადახდები კრიპტო ვალუტაში.
500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ს თანამშრომლობით 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Global-ის პროგრამა თბილისში წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას ჩაატარებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 30 ივნისის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.