სტარტაპი
01/01/2021

2020 წელს ქართულმა სტარტაპებმა 25 მლნ-ის კერძო ინვესტიცია მოიზიდეს

2020 წელი, მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. ამის საფუძველს, როგორც სააგენტოში ამბობენ, ის შედეგები ქმნის, რომელსაც სააგენტოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა მიაღწიეს. ქართული სტარტაპები ვენჩერული და ენჯელ საინვესტიციო ფონდებისგან მნიშვნელოვან დაფინანსებებს იღებენ, რაც ქართულ ინოვაციურ ეკოსისტემას მსოფლიოსთვის მიმზიდველს და საინტერესოს ხდის.

2020 წლის განმავლობაში გამოვლინდა:

• 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის 40 გამაჯვებული
• 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის 8 გამარჯვებული

"წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ პირველად რეგიონში დაიწყო უპრეცენდენტოდ მაღალი დონის აქსელერაციის პროგრამა 500 startup, აღსანიშნავია ამ პროცესში „საქართველოს ბანკის“ ჯგუფის ჩართულობაც თანადაფინანსების მიმართულებით. აქსელერაციის პირველი ნაკადიდან 2 გამარჯვებული შეირჩა, Cargon და Cardeal 2021 წლის გაზაფხუზლე სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან, მეორე ნაკადის 15-ეული კი უცხოელ მენტორებთან თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს ჯერ ისევ გადიან.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ წლის განმავლობაში 6 მლნ ლარზე ცოტა მეტი გასცა, ხოლო კერძო ინვესტიციები, რომლებიც ქართულმა სტარტაპებმა მოიზიდეს, 25 მლნ-ს აღემატება. ეს რიცხვები, უდავოდ, საუკეთესო მაჩვენებელია GITA-ს ისტორიაში და მთლიანად ჩვენს ეკოსისტემაში, მით უფრო - კოვიდის პირობებში", - განმარტავს, „ბიზნესპარტნიორთან“ სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე.

სააგენტოსთვის წელი არა მხოლოდ სტარტაპების მიმართულებით იყო შედეგიანი. საქართველოს მასშტაბით 3 ახალი ტექნოპარკი - ბათუმში, კასპსა და გურჯაანში მოსახლების მეტი აქტივობის და ჩართულობის მოლოდინებს ქმნის.

ამავე წელს დაიწყო 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაც.

2020 წლის დეკემბერში ვირტუალურად გაიმართა სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია. ღონისძიებაში 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი მონაწილეობდა. სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით გაიმართა და მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოესმინათ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებისთვის, პირისპირ გასაუბრებოდნენ მათ, გაეცნოთ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა.

წარმატებით დაძლეული გამოწვევების წელი - ასე აფასებს სააგენტოს თავმჯდომარე გასულ წელს,კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს და გაძლიერებას კი მომდევნო წლისთვის პროგნოზირებს.

 

Businesspartner